“ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია,”   – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა   განაცხადა.   მისი თქმით, ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება.  „ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ნულოვანი შანსია. მათ ეს იციან და დათანხმდნენ ამას. ვნახოთ, მზად არიან თუ არა ხელი მოაწერონ. მათ სწრაფად უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს,  მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ შეთანხმებას თუ ხელს არ მოაწერენ, დიდი ტკივილი ელოდებათ“, – განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის შეიძლება, რაიმე შეთანხმების მიღწევა მოხდეს, ტრამპმა აღნიშნა, რომ „შეიძლება ეს არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება, ნებისმიერ დღეს მოხდეს“. „მჯერა, მათ ჩემზე მეტად სურთ შეთანხმება“, – აღნიშნა ტრამპმა. კითხვაზე, უპასუხა თუ არა ირანმა აშშ-ის ერთგვერდიან წინადადებას, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის წინადადება, რომელიც ირანთან კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად, უფრო ვრცელია, ვიდრე „ერთგვერდიანი შეთავაზება“. „ეს ერთგვერდიან შეთავაზებაზე მეტია. ეს არის შეთავაზება, რომელიც, ძირითადად, ამბობს, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი, ისინი მოგვცემენ ბირთვულ მტვერს და ბევრ სხვა რამეს, რაც ჩვენ გვინდა“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვაზე, ესაუბრა თუ არა მარკო რუბიოს რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ და სთხოვა თუ არა მისთვის რაიმე გზავნილის გადაცემა, ტრამპმა აღნიშნა: „მე ვესაუბრე მას, უბრალოდ ვუთხარი, რომ პაპს ძალიან თბილად, პატივისცემით უთხარით, რომ ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამიტომ, როდესაც ის მათ დასაცავად გამოვა, ასევე უთხარით პაპს, რომ ირანმა მოკლა  42 000 უდანაშაულო მომიტინგე, რომლებსაც არ ჰქონდათ იარაღი.ეს პაპს უთხარით“. -განაცხადა დონალდ ტრამპმა.