სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს. როგორც სუს-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს მის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი. „ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლომ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს ადევს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.