ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრება მიდინარეობს , სადაც დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. კრებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო თავმჯდომარეობს.
გაფართოებული კრების გახსნამდე, მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ პირველი სიტყვით მიმართა კრების მონაწილეებს, დელეგატებს, რომელთა რიცხოვნობა 1200-ს შეადგენს. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება საპატრიარქო ტახტის სამივე კანდიდატი: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. გაფართოებული კრების გახსნამდე, აღევლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. გაფართოებულ კრებაზე სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები. ასევე, მათი ეპარქიებიდან თითო წარმომადგენელი. რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, ბიულეტენებზე შემოსახაზი იქნება სამი კანდიდატი. შემოხაზვის შემდეგ, ბიულეტენი იდება კონვერტში და მოთავსდება საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზეა განთავსებული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას. შედეგს დღესვე ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე გამოაცხადებს. ასევე, დღესვე ინტრონიზაციის საკითხი გამოცხადდება, რომლის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს.