1994 წლის 5 ივლისს, ამერიკელმა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა ჯეფ ბეზოსმა ქალაქ სიეტლში, საკუთარ ავტოფარეხში კომპანია Amazon დააარსა – ბიზნესი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ გიგანტად გადაიქცა.
იმ დროს ბეზოსმა საკუთარი დანაზოგი და მშობლების ფინანსური მხარდაჭერა გამოიყენა. საწყის ეტაპზე კომპანიაში დაახლოებით 300 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც აღიარებდა – „ამაზონის“ გაკოტრების რისკი საკმაოდ მაღალი იყო.
თავდაპირველად კომპანიას „Cadabra“ ერქვა და მხოლოდ ონლაინ წიგნების მაღაზია იყო. დაახლოებით ერთ წელიწადში ბეზოსმა სახელის შეცვლა გადაწყვიტა და კომპანიას „Amazon“ დაარქვა — მსოფლიოში ყველაზე დიდი მდინარის პატივსაცემად, რაც მისი ამბიციების სიმბოლოდაც იქცა.
ონლაინ მაღაზიის პირველი თანამშრომელი პროგრამისტი შელ კაფანი იყო. მომხმარებლებისთვის ვებსაიტი 1995 წლის ივლისიდან გახდა ხელმისაწვდომი. მანამდე სისტემა სატესტო რეჟიმში მუშაობდა. ლეგენდის მიხედვით, ყოველი შეკვეთის დროს ოფისში ზარი რეკდა, თუმცა მალე შეკვეთები იმდენად გაიზარდა, რომ ზარი თითქმის უწყვეტად ისმოდა. პირველ ეტაპზე კომპანია კვირაში დაახლოებით 20 ათასი დოლარის ღირებულების წიგნებს ყიდდა.
სულ ერთ წელიწადში „ამაზონმა“ მთელი ამერიკის ბაზარი მოიცვა და პროდუქციის მიწოდება მსოფლიოს 45 ქვეყანაში დაიწყო. პირველივე წელს კომპანიამ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების წიგნები გაყიდა და დაახლოებით 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
კომპანიის სწრაფი ზრდა მალევე აისახა ფინანსურ წარმატებაზეც. დაარსებიდან სამი წლის შემდეგ „ამაზონის“ აქციები საფონდო ბირჟაზე გავიდა, რამაც კომპანიას 57 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა ჯეფ ბეზოსი მილიონერი, ხოლო 1999 წელს ჟურნალმა Time იგი „წლის ადამიანად“ დაასახელა.
მალე ბაზარზე სხვა ონლაინ წიგნების მაღაზიებიც გამოჩნდა, რის გამოც „ამაზონმა“ საქმიანობის გაფართოება დაიწყო. 1998 წლიდან კომპანიამ წიგნების გარდა სხვა პროდუქტების გაყიდვაც დაიწყო, ხოლო 1999 წლისთვის ბეზოსი უკვე მილიარდერი იყო.
2000 წელს კომპანიამ ახალი ლოგო წარადგინა — სიტყვა „Amazon“-ში „a“ და „z“ ასოებს შორის არსებული ისარი სიმბოლურად აღნიშნავდა, რომ მომხმარებელი აქ ყველაფერს იპოვიდა — A-დან Z-მდე.
ტექნოლოგიური განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდა 2007 წელს, როდესაც კომპანიამ ელექტრონული წიგნების მოწყობილობა Amazon Kindle გამოუშვა. ამავე პერიოდში „ამაზონი“ აქტიურად ყიდულობდა სხვადასხვა ტექნოლოგიურ და მარკეტინგულ კომპანიებს.
კომპანიის შემოსავალი წლების განმავლობაში რეკორდულად იზრდებოდა — 2005 წელს ის 8.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2010 წელს 34 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო 2015 წლისთვის უკვე 107 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2019 წელს კომპანიის შემოსავალმა 281 მილიარდ დოლარს მიაღწია და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორის შემოსავლებით მეცხრე ადგილი დაიკავა.
დღეს Amazon ათეულობით შვილობილ კომპანიას ფლობს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტექნოლოგიურ ბრენდად ითვლება.