საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში დემოკრატიული პროცესების, ფუნდამენტური უფლებებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე. რეზოლუცია გმობს საქართველოს მთავრობის „ავტორიტარულ სვლას“, ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, ასევე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

რეზოლუციის თანახმად, ევროპულმა ინსტიტუტებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება უნდა შეინარჩუნონ მანამ, სანამ ქვეყანა პოლიტიკურ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკურ პლურალიზმს, ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ასევე მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიასა და აკადემიურ სექტორს.

რეზოლუციაში საუბარია უცხოური გავლენების შესახებაც. დოკუმენტი საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯაროდ დაგმოს რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე.

ამასთან, რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა აცხადებს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ უნდა შეექმნას მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯების გამო და მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ღიად უნდა დარჩეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პოლიტიკურ პირობებს შეასრულებს და კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე ზეწოლა დასრულდება.