„ოპოზიციურმა ალიანსმა“ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ექვსი ძირითადი მოთხოვნა წარადგინა, რომელსაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ხელისუფლებამ კი ოპოზიციის ინიციატივას მალევე უპასუხა და განაცხადა, რომ არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება.

ოპოზიციის მოთხოვნების მთავარი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას ეხება. მათი განცხადებით, ცენტრალური და ქვედა დონის კომისიები სრულად პარიტეტულ პრინციპზე უნდა დაკომპლექტდეს, რაც, მათი შეფასებით, საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობას გაზრდის.

„ოპოზიციური ალიანსი“ ასევე ითხოვს ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის გამკაცრებასა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებას. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის ჩართვა, რომელმაც არჩევნების პროცესის სანდოობა უნდა შეაფასოს.

ოპოზიცია ასევე ითხოვს ამომრჩეველთა სიების გახსნასა და სპეციალური სასამართლო კოლეგიების შექმნას, რომლებიც მხოლოდ საარჩევნო დავებს განიხილავენ.

თენგიზ თევზაძის განცხადებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებამდე აუცილებელია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა, „პოლიტ პატიმრების“ გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება. ოპოზიცია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიან შეკრებასაც აანონსებს.

ხელისუფლების პოზიცია კი მკაფიოა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება და მისი თქმით, არსებული სისტემა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.