Stumblin’ In – სიმღერა, რომელმაც 1970-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური დუეტი შექმნა – პირველად 1978 წელს შეასრულეს Suzi Quatro-მ და Chris Norman-მა. კომპოზიცია შევიდა სუზი კვატროს ალბომში -“If You Knew Suzi”.

🎼 შექმნის ისტორია

სიმღერის შექმნის უკან იდგა ცნობილი ავტორ-პროდიუსერული დუეტი – Mike Chapman და Nicky Chinn, რომლებმაც 1970-იან წლებში არაერთი ჰიტი დაწერეს როგორც სუზი კვატროსთვის, ისე ჯგუფ “Smokie”-სთვის.

როგორც მოგვიანებით მაიკ ჩეპმენი იხსენებდა, იდეა დუეტის შესახებ დიუსელდორფში გამართულ წვეულებაზე გაჩნდა. ”სუზი უკრავდა ბასს, კრისი კი იქ იყო მის გარშემო და ისინი მღეროდნენ მიკროფონში, მე ვფიქრობდი, რა ფანტასტიკურ დუეტს შექმნიდნენ ისინი, რადგან ერთად ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. მეორე დღეს სუზისთან ერთად სტუდიაში ვიყავი და შესვენების დროს თავში მომივიდა ფრაზა: „Our love is alive…“  შევხედე სუზის და ვუთხარი: რას იტყვი შენი და  კრისის დუეტზე  და მან თქვა, რომ ეს ფანტასტიურად ჟღერდა.” – იხსენედა ჩეპმენი.

🎤 კრის ნორმანისთვის განსხვავებული სტილი

იმ პერიოდში კრის ნორმანი ჯერ კიდევ “Smokie”-ის წამყვანი ვოკალისტი იყო.  მოგვიანებით ის აღნიშნავდა, რომ “Stumblin’ In” მისთვის ჰარდ-როკისგან ერთგვარი მუსიკალური „დასვენება“ აღმოჩნდა.

📊 ჩარტები და წარმატება

სიმღერა მალევე საერთაშორისო ჰიტად იქცა. აშშ-ში მან Billboard Hot 100 ჩარტში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა დიდ ბრიტანეთში შედარებით მოკრძალებული წარმატება ჰქონდა და UK Singles Chart-ში მხოლოდ 41-ე პოზიციამდე ავიდა.

სუზი კვატროს კარიერაში ეს იყო ერთადერთი სიმღერა, რომელმაც ამერიკულ ეროვნულ ჩარტში ტოპ-5-ში მოხვედრა შეძლო.

კრის ნორმანისთვისაც, როგორც სოლო შემსრულებლისთვის, ეს ყველაზე წარმატებული საერთაშორისო ჰიტი გახდა. მოგვიანებით მისი “Midnight Lady” დიდ პოპულარობას მიაღწია ევროპაში, თუმცა ბრიტანულ ჩარტებში ვერ მოხვდა.

📰 კრიტიკოსების შეფასება

სინგლს დადებითად შეხვდა ამერიკული მუსიკალური პრესა. ჟურნალმა “Record World ” აღნიშნა, რომ სიმღერა „Chinnichap“-ის ხარისხის ნიშანს ატარებდა და ტოპ-40-ში მოხვედრას იმსახურებდა. დადებითი შეფასებები გამოაქვეყნეს ასევე Billboard-მა და Cashbox-მაც – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვოკალურ დუეტს, მელოდიასა და დახვეწილ არანჟირებას.

🎬 „Stumblin’ In“-ის მეორე სიცოცხლე

წლების შემდეგ “Stumblin’ In”  ახალი თაობისთვისაც აღმოჩნდა საინტერესო. 2021 წელს სიმღერა გამოყენებული იყო პოლ თომას ანდერსონის ფილმშიLicorice Pizza” , ხოლო 2022 წელს ჟღერდა  “Netflix”-ის დრამისDahmer – Monster: The Jeffrey Dahmer Story”-ს მესამე ეპიზოდში.

დღეს „Stumblin’ In“ 1970-იანი წლების კლასიკურ პოპ-როკ დუეტად მიიჩნევა – სიმღერად, რომელმაც ორი გამორჩეული არტისტის მუსიკალური ქიმია სრულყოფილად წარმოაჩინა.