ამბობენ, რომ ამბიცია დიდებულებს ხშირად უსინათლოს ხდის. 1812 წელს ევროპის უგვირგვინო მეფემ, ნაპოლეონ ბონაპარტმა, დასავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე და ძლევამოსილი ძალა შეკრიბა –  „დიდი არმია“. 600 000 გაწვრთნილი ჯარისკაცი, 1 372 მჭექარე ზარბაზანი და 187 600 დიდებული საომარი თუ საზიდი ცხენი. ნაპოლეონი რუსეთისკენ დაიძრა, რათა იმპერატორი ალექსანდრე I კონტინენტური ბლოკადის პირობების დარღვევის გამო დაესაჯა.

ის დარწმუნებული იყო სწრაფ, ბრწყინვალე გამარჯვებაში. თუმცა, როდესაც თვეების შემდეგ საფრანგეთის საზღვრებს უკან მომავალი ნარჩენები მოადგნენ, სურათი შემზარავი აღმოჩნდა: 187 ათასზე მეტი ცხენიდან სამშობლოში მხოლოდ 1 600 დაბრუნდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო…

1812 წლის 24 ივნისს, ფრანგულმა ავანგარდმა მდინარე ნემანი გადალახა. ნაპოლეონს სურდა გენერალური ბრძოლა, სადაც რუსულ ძალებს ერთიანად გაანადგურებდა. რუსებმა თავდაცვა სამ მიმართულებად დაყვეს: გენერალი ბარკლაი დე ტოლი პეტერბურგს იცავდა, პეტრე ბაგრატიონი –  მოსკოვს, ხოლო გენერალი ტორმასოვი – კიევის მიმართულებას აკონტროლებდა.

რუსეთის გაერთიანებული არმიის მთავარსარდალმა, ბარკლაი დე ტოლიმ, სიტუაცია ზუსტად შეაფასა. მან იცოდა, რომ ნაპოლეონთან პირისპირ შეტაკება თვითმკვლელობა იქნებოდა. მისი გეგმა მარტივი, მაგრამ სასტიკი იყო: უკან დახევა, ფრანგების შეტყუება ქვეყნის სიღრმეში, რესურსების განადგურება და ომის ზამთრამდე გაჭიანურება. თუმცა, მუდმივი უკანდახევით უკმაყოფილო იმპერატორმა ალექსანდრემ ის თანამდებობიდან გადააყენა და მთავარსარდლობა მიხეილ კუტუზოვს ჩააბარა.

კუტუზოვმა ფრანგებს სისხლისმღვრელი ბოროდინოს ბრძოლა (7 სექტემბერი) გაუმართა. რუსულმა არმიამ თავი დააღწია განადგურებას და ისევ უკან დაიხია. გზა მოსკოვისკენ გახსნილი იყო.

14 სექტემბერს ნაპოლეონი ამაყად შევიდა მოსკოვში. ის ელოდა, რომ ალექსანდრე I მუხლმოდრეკილი ითხოვდა ზავს, მაგრამ ქალაქი დაცარიელებული დახვდა. მალე კი მოსკოვს ცეცხლის ალყა შემოერტყა –  ქალაქი იწვოდა, სურსათის მარაგი კი ფაქტობრივად არ არსებობდა. უზარმაზარი არმიის გამოკვება დაცარიელებულ მხარეში შეუძლებელი ხდებოდა. ნაპოლეონმა თავად შესთავაზა რუსებს ზავი, მაგრამ პასუხად მხოლოდ ცივი დუმილი მიიღო.

კუტუზოვის გეგმა მუშაობდა. მიხვდა რა, რომ ხაფანგში გაება, 6 ოქტომბერს ნაპოლეონმა მოსკოვის დატოვების ბრძანება გაცა. მას სურდა სამხრეთით, თბილი და აუოხრებელი გზით დაებრუნებინა ჯარი, მაგრამ რუსებმა გზა გადაუღობეს და აიძულეს, ისევ სმოლენსკის გაპარტახებული, ნანგრევებად ქცეული გზით წასულიყო.

ეს აღარ იყო არმია, ეს იყო გადარჩენისთვის მებრძოლი, მშიერი ადამიანების ნაკადი. გზაზე სურსათი არ იყო, ცხენები შიმშილისა და გადაღლილობისგან ათასობით ეცემოდნენ (ჯარისკაცები მათ ხორცს საკვებად იყენებდნენ, რაც ცხენების კატასტროფული კლების კიდევ ერთი მიზეზი გახდა). ამას დაემატა ნაადრევი, სასტიკი რუსული ყინვები და პარტიზანების მუდმივი, მომქანცველი თავდასხმები.

საბოლოო წერტილი მდინარე ბერეზინაზე გადასვლა აღმოჩნდა. 26-28 ნოემბერს კუტუზოვმა ყინულოვან მდინარესთან მომწყვდეულ ფრანგებზე გადამწყვეტი იერიში მიიტანა. ეს იყო სასაკლაო. „დიდი არმია“ საბოლოოდ განადგურდა.

სასოწარკვეთილმა ნაპოლეონმა ჯარის ნარჩენების მეთაურობა მარშალ მიურატს გადააბარა, თავად კი ფარულად პარიზში გაიქცა, რათა ახალი ჯარი შეეკრიბა. დეკემბრის სუსხიან დღეებში მდინარე ნემანს მხოლოდ 30 000-მდე გაყინულმა, დაუძლურებულმა და დაჭრილმა ჯარისკაცმა მიაღწია. 600-ათასიანი იმპერიული დიდებიდან მხოლოდ აჩრდილებიღა დარჩნენ. ომი წაგებული იყო, საფრანგეთის იმპერიის მზის ჩასვენება კი –  დაწყებული.