„People Are Strange“ – The Doors-ის სიმღერაა, რომელიც სინგლის სახით 1967 წლის სექტემბერში გამოვიდა. იგი შეტანილია ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომში – Strange Days.

🎼 შექმნის ისტორია

სიმღერაზე მუშაობა 1967 წლის დასაწყისში დაიწყო. The Doors-ის დრამერის, ჯონ დესნმორის თქმით, მას და გიტარისტ რობბი კრიგერს, რომლებიც იმ პერიოდში ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ეწვია ჯიმ მორისონი, რომელიც „ღრმა დეპრესიაში“ იმყოფებოდა. მოგვიანებით ისინი ჰოლივუდ-ჰილზში სასეირნოდ წავიდნენ. კრიგერის მოგონებების მიხედვით, სწორედ ამ გასეირნების შემდეგ დაბრუნდა მორისონი „People Are Strange“-ის ტექსტისა და მელოდიის მონახაზით.

კრიგერი იხსენებდა, რომ მელოდიის მოსმენისთანავე იგრძნო – სიმღერა წარმატებული გახდებოდა.

ჯონ დენსმორის თქმით, მორისონმა უამბო, რომ მელოდია მას მოულოდნელად, თვალის დახამხამებაში მოუვიდა თავში, როდესაც გორაკის წვერზე იჯდა და ქალაქს გადაჰყურებდა.

„მე დავწერე ყველაფერი, რაც შემეძლო სწრაფად. საოცარი იყო მისი ხელახლა ჩაწერა“, – იხსენებდა დენსმორი.

მისივე თქმით, მორისონს ხელში დაჭმუჭნილი ფურცელი ეჭირა და თავისი დასამახსოვრებელი ბლუზური ხმით მღეროდა.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ძირითადად ჯიმ მორისონმა და რობი კრიგერმა დაწერეს, ოფიციალურად ავტორებად The Doors-ის ყველა წევრი ითვლება.

🎤 მუსიკალური სტილი და თემატიკა

„People Are Strange“ ხშირად განიხილება, როგორც სიმღერა გაუცხოებაზე, მარტოობასა და საზოგადოებისგან დისტანცირებაზე. ტექსტში გადმოცემულია ადამიანის განცდა, როდესაც სამყარო უცხო და ცივი ჩანს.

📰 კრიტიკოსების შეფასება

AllMusic-ის კრიტიკოსმა მაგინისმა აღნიშნა, რომ სიმღერა „ასახავს ჯგუფის გატაცებას ევროპული კაბარეს თეატრალური მუსიკით“.

მუსიკის მკვლევარი მელისა ურსულა დაუნ გოლდსმიტი   კი მიიჩნევს, რომ სიმღერა იყენებს „გაუცხოებისა და დისტანცირების ექსპრესიონისტულ იდეას“ და ტექსტი შეგნებულად წარმოაჩენს რაღაც პოზიტიურს, როგორც უცნაურს.

📊 ჩარტები და წარმატება

სიმღერა კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. აშშ-ის Billboard Hot 100-ის ჩარტში „People Are Strange“ მე-12 ადგილზე გავიდა,  Cash Box-ის ჩარტში კი საუკეთესო ათეულში  მოხვდა.

წლების განმავლობაში სიმღერა The Doors-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გამორჩეულ ნამუშევრად იქცა. მისი მელანქოლიური ატმოსფერო, ჯიმ მორისონის ვოკალი და უჩვეულო მელოდია დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას.