აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორება დაამტკიცა. ინიციატივის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი იყო.
პირველი შესწორება საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და სხვა პირების დაკავების საკითხს ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს პირები ფართოდ მიიჩნევიან პოლიტიკურ პატიმრებად და მათი საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან და შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მუდმივად უნდა განიხილებოდეს. შესაბამისად, აშშ-ის თავდაცვის მდივანს დაევალა, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე კონგრესის შესაბამის კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც აღწერილი იქნება, როგორ აპირებს თავდაცვის დეპარტამენტი პოლიტპატიმრების თემის სამხედრო თანამშრომლობის დღის წესრიგში ინტეგრირებას.
მეორე შესწორება უსაფრთხოების მიმართულებას შეეხება. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, აქტის ძალაში შესვლიდან 180 დღის განმავლობაში კონგრესს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში. ანგარიშში შეფასებული იქნება საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო სტრუქტურების საქმიანობა, მათი გავლენის მასშტაბები და ის, თუ რამდენად იკვეთება მოსკოვისა და პეკინის ინტერესები საქართველოში.
კომიტეტის მიერ მიღებული შესწორებები მიუთითებს, რომ ვაშინგტონში მზარდ ყურადღებას იწვევს როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობა, ისე ქვეყნის უსაფრთხოების გარემო და უცხოური გავლენების საკითხი.