იტალიის ხელისუფლება სკოლებში სახის დამფარავი სამოსის ტარების აკრძალვასა და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მელონის თქმით, მინისტრთა კაბინეტს უახლოეს პერიოდში წარედგინება ინიციატივა, რომელიც ერთ კლასში უცხოელი მოსწავლეების დასაშვებ მაქსიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს. მისი განცხადებით, იმ უცხოელი მოსწავლეების მშობლებს, რომლებსაც სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის მხრივ სერიოზული სირთულეები აქვთ, იტალიური ენის შესწავლა მოეთხოვებათ.
მისივე თქმით, ახალი ზომები სკოლებში ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვასაც ითვალისწინებს.
მელონიმ აღნიშნა, რომ როდესაც კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა, რომელმაც იტალიური არ იცის, მას ენის ათვისებაში თანაკლასელები და მასწავლებლები დაეხმარებიან, რაც ინტეგრაციის პროცესს ხელს შეუწყობს. თუმცა, მისი შეფასებით, როდესაც იტალიური ენის არმცოდნე მოსწავლეების რაოდენობა მაღალია ან ისინი კლასის უმრავლესობას წარმოადგენენ, ეს ინტეგრაციის ნაცვლად სხვა პრობლემას ქმნის.
იტალიის პრემიერ-მინისტრს უცხოელი მოსწავლეების კონკრეტული მაქსიმალური რაოდენობა არ დაუსახელებია.
ამასთან, მელონიმ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალები სკოლაში სახის დაუფარავად უნდა დადიოდნენ და აღნიშნა, რომ იტალიაში ტრადიციის სახელით ქალის სახის დაფარვის მოთხოვნა დაუშვებელია.
Fondazione ISMU-ს მონაცემებით, იტალიის მოქალაქეობის არმქონე მოსწავლეები ქვეყანაში სკოლებში ჩარიცხულთა 11.6%-ს შეადგენენ.