რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმების განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, სამხედროებმა შესაბამისი დავალების მიღების შემდეგ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასობრივი დარტყმებისთვის მზადება დაიწყეს. სამინისტრო აღნიშნულ ნაბიჯს რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საწვავ-ენერგეტიკულ სექტორზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე საპასუხო ზომად განიხილავს.
უწყების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წუხელ იერიში აზბესტ-ცემენტის ქარხანაზე მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საწყობებში უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი საბრძოლო მასალების მწარმოებელი კომპანია „ჭკვიანი საბრძოლო მასალების“ ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა.