თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის ფარგლებში 321 მეტრის სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს.

„მთაწმინდის რაიონის გამგეობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში 321 მეტრის სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს. სამუშაოების შედეგად არსებული რიყის ქვაფენილი 3 ფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე მოეწყობა ბორდიურები, დამონტაჟდება ტროტუარები, ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად შშმ იქნება პირებისთვის ადაპტირებული. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება მიწის ქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც მოძველებული და პრობლემურია, შესაბამისად მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტრო გადამცემი და ინტერნეტ კაბელები, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით. კომუნიკაციის მოწესრიგების სამუშაოებში ჩაერთვება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება. ძალიან ლამაზი პროექტი იქნება. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც უნდა გაკეთდეს არის კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემებითა. ყველა მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ქუჩის არსებული ინფრასტრუქტურის შშმ პირებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებას, ახალი ტროტუარების, ბორდიურების, ბოძკინტებისა და მოაჯირების მოწყობას. ქუჩის გასწვრივ დამატებით განთავსდება მწვანე ნარგავები.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ვაკის რაიონში დაგეგმილ კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზეც ისაუბრა.

კალაძის განცხადებით, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე გზის განახლება, ტროტუარების მოწყობა და ასფალტის საფარის დაგებაა გათვალისწინებული.

„ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვეთა მოეწყობა. დაახლოებით 2000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე გზის განახლება მიმდინარეობს, ეწყობა ტროტუარები და იგება ასფალტის საფარი, გარდა ამისა ტერიტორიაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებისა და განათების მოწყობაა გათვალისწინებული. პროექტს ვაკის რაიონის გამგეობა განახორციელებს და ძალიან მალე იქნება დასრულებული”, – განაცხადა კალაძემ.