გერმანიის პოლიცია კიოლნთან მდებარე ელექტროქვესადგურზე შესაძლო დივერსიის ფაქტს იძიებს. ინფორმაციას გერმანული მედია Tagesschau ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საეჭვო ინციდენტი გასულ ღამეს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ ბერგჰაიმში, კომპანია Amprion-ის ელექტროქვესადგურზე მოხდა.
თავდაპირველად სამართალდამცველები ობიექტზე ტექნიკური გაუმართაობის გამო გამოიძახეს. მოკლე ჩართვის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან გამოვიდა.
თუმცა, პოლიციაში აცხადებენ, რომ ტექნიკური პრობლემა, სავარაუდოდ, შემთხვევით არ წარმოშობილა.
„გამოძიების ამ ეტაპზე, მივიჩნევთ, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა და განზრახ ჩადენილი ქმედება იყო“, – აღნიშნა პოლიციის პრესსპიკერმა.
კომპანია Amprion-ის განცხადებით, ინციდენტს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება არ გამოუწვევია.