გერმანიის გადაწყვეტილებამ ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში „რუსეთის სახლის“ დახურვის შესახებ შესაძლოა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოსა და გოეთეს ინსტიტუტის საქმიანობას პრობლემები შეუქმნას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
კითხვაზე, შეუქმნა თუ არა გერმანიის გადაწყვეტილებამ საფრთხე სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოსა და გოეთეს ინსტიტუტის ფუნქციონირებას, გრუშკომ უპასუხა:
„და არა არა მხოლოდ მათ“, – განაცხადა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, გერმანია ესკალაციის გზას დაადგა. მისი თქმით, მოსკოვი ბერლინთან დიპლომატიური ურთიერთობების შემცირების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
ამასთან, გრუშკომ აღნიშნა, რომ გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად გაწყვეტის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. თუმცა, მისივე განცხადებით, ურთიერთობების გაუარესებას გარკვეული ზღვარი არ აქვს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით კი, ბერლინის მხრიდან „არამეგობრულ ნაბიჯებს“ მოსკოვის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
შეგახსენებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ გასულ თვეს ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად მომხდარ ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია.
ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში კი „რუსეთის სახლი“. მისივე თქმით, რუსი მოქალაქეებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება.