ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებს კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ.
როგორც სვიმონიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თამაზ ელიზბარაშვილი ქალაქის სამმართველოს ნომერ მესამე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატის თქმით, ის ელიზბარაშვილს დღეს კვლავ მოინახულებს და მასთან სავარაუდო უფლებების დარღვევის საკითხზე დამატებით ისაუბრებს.
„ქალაქის სამმართველოში, ნომერ მესამე დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. გუშინ, გვიან ღამით ვიყავი შესული, დღესაც ვაპირებ შესვლას. ის პოლიციელების მხრიდან მის მიმართ სავარაუდოდ, უფლებების დარღვევაზე საუბრობს, უფრო დეტალურად მასთან ამ საკითხზე საუბარს დღეს ვაპირებ.
სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ თამაზ ელიზბარაშვილის საკუთრებაში არსებობდა ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა, რამე ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ სახლიდან, რაც უკანონო იქნებოდა. სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, ფიზიკურად არ ვიცნობ საქმის მასალებს, რადგან თამაზ ელიზბარაშვილი ბრალდებული არ არის და მხარე არ ვართ“, – აცხადებს სვიმონიშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით, ელიზბარაშვილის კიდევ ერთი დამცველი, ია სირანაშვილი, გუშინ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. სვიმონიშვილის თქმით, მასთან ამ ეტაპზე კომუნიკაცია ვერ შეძლო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
„მისი კონკრეტული მდგომარეობა არ ვიცი, მასთან ფიზიკური კომუნიკაცია ვერ დავამყარე. კლინიკაში იყო კვლევებზე გადაყვანილი, მას სხვა კოლეგებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა, ასოციაციის თავმჯდომარეც ადგილზე იმყოფებოდა, კლინიკაში განაცხადეს, რომ იქ დილამდე დატოვებდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე სად იმყოფება, არ ვიცი, კომუნიკაცია ვერ მოვახერხე“, – აცხადებს სვიმონიშვილი.
ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა.
ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ის ბინიდან გამოაგდეს და ფიზიკური ძალა გამოიყენეს.
შსს-ს ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული.