ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ირლანდიის ქალაქ უიკლოუში მიმდინარეობს, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონის გამოჩენის საკითხს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესებას განიხილავენ.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კალასის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მსჯელობენ, რა დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის სანქციების გაფართოების მიმართულებით.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა განიხილავს ლაიფციგის თავდასხმებს და ასევე ცხადია, რომ მას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს. ისმის კითხვა, რა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ უკვე დავიბარეთ რუსეთის ელჩები და განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის სია და შესაძლოა, მას კიდევ დაემატოს. რა თქმა უნდა, დღეს ამას ვერ გადავწყვეტთ, რადგან ეს არაფორმალური შეხვედრაა, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ“, – აღნიშნა კალასმა.
მისივე განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება რუსეთისთვის ზეწოლის გაზრდა, რათა მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს.
კითხვაზე, რატომ არის დარწმუნებული, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ გადამწყვეტი პასუხის შემუშავებას შეძლებს, კალასმა განაცხადა:
„მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ნაკლები სიით დავიწყეთ, მაგრამ წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ უფრო მეტი [ფიზიკური პირი და ორგანიზაცია] შეიყვანეს. ევროპაში ამ ჰიბრიდული თავდასხმების ხილვა, ვფიქრობ, ასევე გამოღვიძების ზარებია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ასე არ მოქცეულან. თუ გვინდა ამ ომის დასრულება, ყველამ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება“.
კალასის თქმით, გერმანიამ უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე გერმანიის წარმომადგენლისგან მოისმენენ, კიდევ რა ზომების მიღებაა შესაძლებელი.
შეხვედრა არაფორმალურ ფორმატში მიმდინარეობს, შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება დღეს არ იგეგმება, თუმცა კალასის განცხადებით, ლაიფციგში მომხდარი ინციდენტი და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომები მინისტრების დღის წესრიგში აუცილებლად იქნება.