თურქეთის ქალაქ სტამბოლთან, მარმარილოს ზღვაში, თურქული დროშის ქვეშ მცურავი ორი კომერციული გემი ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთ გემთან და მის ეკიპაჟთან კავშირის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ინფორმაციას Reuters-ი სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტამბოლის სილივრის რაიონის მიმდებარედ ერთმანეთს შეეჯახა „ალსუ“, რომელიც ეგეოსის პორტ ალიაგასკენ მიემართებოდა, და „ტუგბერკ იმამოღლუ“, რომლის დანიშნულების ადგილი შავი ზღვის პორტი კარადენიზ ერეგლი იყო.
ინციდენტის შემდეგ ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის სანაპირო დაცვის გემები და ვერტმფრენები გაგზავნეს.
ხელისუფლების ინფორმაციით, „ალსუს“ გარეგნულად დაზიანება არ აღენიშნება. ამასთან, „ტუგბერკ იმამოღლუსთან“ და მის ბორტზე მყოფ 10-კაციან ეკიპაჟთან კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა.
სტამბოლის საზღვაო სავაჭრო პალატის მონაცემებით, „ტუგბერკ იმამოღლუ“, რომელიც ზეიბე დენიზჩილიკის საკუთრებაშია, ნაყარი ტვირთების გადამზიდავი გემია. „ალსუ“ კი, რომელიც „ოზპულათანე დენიზ ტასიმაჩილიგის“ საკუთრებაშია, ქიმიური ტვირთების გადამზიდავ ტანკერად ოპერირებს.