აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ეხმაურება და კითხულობს, როდის დაიწყებს ირანის მოსახლეობა აჯანყებასა და ბრძოლას.

ტრამპის განცხადებით, მისი მიზანი ირანისთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის იძულება არ არის.

„საერთოდ არ მაინტერესებს, მოაწერენ თუ არა ხელს მათთვის უვარგის შეთანხმებას. ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია უფრო მეტად მომწონს, როდესაც ჩვენ ჰორმუზის სრუტეს თითქმის სრულად ვაკონტროლებთ, ხოლო მათი ეკონომიკა სრულ კოლაფსს განიცდის. ისინი უბრალოდ გარდაუვალი შედეგის დადგომას ელიან“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპმა ასევე დასვა კითხვა: „როდის აჯანყდება ირანელი ხალხი და ბრძოლას დაიწყებს?“

შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი სერია განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა ირანში საჰაერო თავდაცვის ობიექტები, რადარის სისტემები, საზღვაო და საკომუნიკაციო ობიექტები დაბომბეს.

მოგვიანებით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, იორდანიასა და ერაყში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა.