ირანის ეკონომიკის სამინისტრომ „ეკონომიკური ომის“ სარდლობის ცენტრი შექმნა, რომლის მიზანიც კონფლიქტით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე რეაგირების კოორდინაცია და დაჩქარებაა. ამის შესახებ ირანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მორტეზა ზამანიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ცენტრი მუშაობის საწყის ეტაპზე იმ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული, რომლებიც სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბიზნესს, ვაჭრობასა და ფინანსურ სექტორს უკავშირდება.

ზამანიანის განცხადებით, ცენტრი ასევე გამოიყენებს სამთავრობო ეკონომიკურ ორგანოებს, რათა სხვადასხვა უწყებას შორის რეაგირების პროცესის კოორდინაცია უზრუნველყოს.

ირანის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სტრუქტურის შექმნა კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებზე სახელმწიფოს რეაგირების პროცესის უფრო სწრაფად და კოორდინირებულად წარმართვას ემსახურება.