რას შეცვლის ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა და რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია საერთო გამოწვევის გარშემო შეთანხმებას? ირინა სარიშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და საკუთარი Facebook-პოსტის გამო დაწყებულ სამართალწარმოებაზეც საუბრობს.
– თუ ქვეყანა რეალური პოლიტიკური კონკურენციის გარეშე დარჩება, რა ფასის გადახდა შეიძლება მოუწიოს ხელისუფლებას და რამდენად მძიმე იქნება შედეგები ქვეყნისთვის?
– ხელისუფლებას ისტორიულად ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. სამწუხაროდ, როდის მოხდება ეს, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, საგარეო ფაქტორებსაც უკავშირდება.
პარტიების აკრძალვის მცდელობას უმძიმეს ანტისამართლებრივ ნაბიჯად ვაფასებ. თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ პარტიების ფორმალური არსებობა რეალურ პოლიტიკურ კონკურენციას თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა.
ჩემი შეფასებით, როდესაც არჩევნებს ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს და შედეგებს აყალბებს, პარტიების მონაწილეობა მოქალაქეთა არჩევანის ასახვის გარანტია ვერ იქნება.
ამიტომ რაც დღეს ხდება, არსებული მდგომარეობის ოფიციალურად გაფორმების მცდელობაცაა. ეს პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას რეალობის დანახვაში უნდა დაეხმაროს: ამ ხელისუფლების კონტროლით ჩატარებული არჩევნებით ცვლილების მიღწევის იმედად ვერ დავრჩებით. საჭიროა სხვა ნაბიჯებიც, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.
– კონკრეტულად რა ნაბიჯებს გულისხმობთ და როგორ შეიძლება საზოგადოებამ მიმდინარე პროცესი აღიქვას?
– პარტიები აქამდეც არსებობდნენ, მაგრამ რამდენად აისახებოდა მათ მიერ მიღებული მხარდაჭერა არჩევნების შედეგებზე? ჩემი აზრით, ხელისუფლებას ახლა ფაქტობრივი მდგომარეობის ოფიციალურად გაფორმება სურს.
ამან პოლიტიკური სპექტრი უნდა გამოაფხიზლოს. მისი ნაწილი ჯერ კიდევ იმ ილუზიაშია, რომ არსებული პირობებით არჩევნებში მონაწილეობით შედეგს მიაღწევს.
საზოგადოებამაც მთლიან სურათს უნდა შეხედოს: თანდათან იზღუდება სხვადასხვა უფლება, ადამიანების წინააღმდეგ საქმეები Facebook-პოსტების გამოც იწყება.
გამოსავალი არის ქუჩის პროტესტიც – ეს ჩემი მოგონილი გზა არ არის, ბევრ ქვეყანაში არსებობს მსგავსი გამოცდილება. მიზანი უნდა იყოს ისეთი პირობების შექმნა, რომ შემდგომ არჩევნები ამ ხელისუფლების კონტროლით აღარ ჩატარდეს და საერთაშორისო მექანიზმებიც ამოქმედდეს.
ვფიქრობ, პოლიტიკოსები ამ საკითხზე ბოლომდე შეთანხმებული არ არიან. შესაძლოა, საერთო საფრთხემ მაინც დაანახოს მათ ერთობის აუცილებლობა.
– რატომ ჩქარობს ხელისუფლება პარტიების აკრძალვის პროცესს?
– ხელისუფლება მუდმივად კამპანიის რეჟიმშია და დარჩენილი მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს. ჩემი შეფასებით, ისინი ბევრნი არ არიან, მაგრამ მობილიზების შემთხვევაში აქტიურად მოქმედებენ.
ჩვენს მხარეს კი შეიმჩნევა იმედგაცრუება, ხელის ჩაქნევა და განცდა, რომ მოქმედებას აზრი აღარ აქვს. ეს უნდა შეიცვალოს. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება, საკუთარი რაოდენობის შესაბამისი ენერგია უნდა გამოავლინოს.
– აღნიშნეთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არ არიან. რა არის ამის მიზეზი?
– ვფიქრობ, რეალობის არაადეკვატური შეფასება. პოლიტიკოსებს ხშირად ავიწყდებათ, რა არის მთავარი ამოცანა და ვის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა.
ისე ებრძვიან და კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, თითქოს უკვე თავისუფალ, ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ და მხოლოდ მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენა იყოს საჭირო.
ჩემი აზრით, ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლებას პოზიციების შენარჩუნებაში ეხმარება.
– გამორიცხავთ, რომ ხელისუფლებამ ზოგიერთი პარტია აკრძალოს, ნაწილი კი დატოვოს?
– არ გამოვრიცხავ, რომ სურათისთვის მეტ-ნაკლებად ობიექტური სახის მისაცემად გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილს შეეხოს. წინასწარ ვარაუდს ვერ გავაკეთებ, ამ ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული.
მაგრამ რამდენად შეცვლის ეს საერთო მდგომარეობას? ვფიქრობ, რეალურად თავისუფალი ოპოზიციური პარტია ამ რეჟიმის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობაზე ისედაც არ უნდა ფიქრობდეს.
რა თქმა უნდა, აკრძალვას პრაქტიკული შედეგები ექნება – ოფისებთან, საქმიანობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ზეწოლა შეიძლება გამკაცრდეს. თუმცა რეპრესიები პარტიის ოფიციალური არსებობის პირობებშიც შესაძლებელია. ისევ ვამბობ: დღეს არსებული რეალობის ოფიციალურად გაფორმების მცდელობას ვხედავთ.
– რესპონდენტების ნაწილი ამ პროცესს საგარეო ფაქტორებსა და რუსეთის გავლენას უკავშირებს. თქვენ რას ფიქრობთ?
– ამას მხოლოდ გავლენას არ ვუწოდებდი. ჩემი შეფასებით, რუსული პროცესების პირდაპირ გადმოტანასთან გვაქვს საქმე, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო გამძაფრებული სახით.
ვისაც კომუნისტური პერიოდი გვახსოვს, გვინახავს, როგორ ცდილობდნენ ადგილობრივი მიმდევრები იდეოლოგიის დამკვიდრებას განსაკუთრებული მონდომებითა და აგრესიით.
ვფიქრობ, დღესაც მსგავსი რამ ხდება. ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის მიმართულებით ზოგჯერ რუსეთსაც კი ვუსწრებთ.
– თქვენი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში Facebook-პოსტის გამო თქვენს წინააღმდეგ პროცესი გაიმართება. რას ეხებოდა პოსტი და რას გედავებათ შინაგან საქმეთა სამინისტრო?
– პირველ რიგში, პოსტში სახელი და გვარი ნახსენები არ არის.
სასამართლოში მოვითხოვ, განმარტება მომცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელმა, რომელმაც შესაბამისი მასალა შეადგინა: საიდან დაასკვნა, რომ საუბარი მიხეილ ყაველაშვილის მეუღლეზე იყო?
პოსტის ბოლო წინადადებაში მიხეილ ყაველაშვილს მივმართე იმავე სიტყვებით, რომლებითაც, ჩემი გახსენებით, მან დეპუტატობის დროს საჯაროდ მიმართა საზოგადოებას.
ჩემი შეფასებით, ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე: მის შემთხვევაში ამას თანამდებობრივი წინსვლა მოჰყვა, მე კი დაჯარიმების ან პატიმრობის საფრთხე მემუქრება.
– სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიიღებთ?
– დიახ, მონაწილეობას მივიღებ და ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ.
თუმცა იმის ილუზია არ მაქვს, რომ საქმე აუცილებლად სამართლიანად დასრულდება.
– ხედავთ კავშირს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და თქვენს წინააღმდეგ დაწყებულ სამართალწარმოებას შორის?
– დიახ, ეს საკითხები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არ არის.
ამასთან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი მოქმედებები შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეეხოს. ჩემს შემთხვევაში პოლიტიკური აქტიურობაც შეიძლება იყოს ფაქტორი, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინაა.
ვხედავთ დაპირისპირებას ხელისუფლების შიგნითაც. ამიტომ ხელისუფლების მხარდაჭერაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი თავს აუცილებლად დაცულად იგრძნობს.
ჩემი შეფასებით, დღეს ამ ქვეყანაში დაცული არავინაა და მდგომარეობა უარესდება.
ინტერვიუ მოამზადა: ლევან ჭითანავამ
რესპონდენტი: ირინა სარიშვილი, პოლიტიკოსი