შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ იმ მასშტაბის სამხედრო მოქმედების შესაძლებლობა არ აქვს, როგორიც ვენესუელაში განხორციელდა, – ამის შესახებ ირანის არმიის შტაბის უფროსმა და კოორდინაციის მოადგილემ, ჰაბიბოლა საიარიმ განაცხადა. ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

საიარის შეფასებით, ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ მსგავსი ოპერაციის განხორციელება რომ რეალურად შეეძლოს და ამის სურვილიც ჰქონდეს, ის ამას უკვე არაერთხელ გააკეთებდა.

„მათ რომ ნამდვილად შეეძლოთ და აპირებდნენ ისე იმოქმედონ, როგორც ვენესუელაში, ისინი ამას აქამდე რამდენიმე ათასჯერ გააკეთებდნენ“, – აღნიშნა ჰაბიბოლა საიარიმ.

ირანის არმიის შტაბის უფროსმა ასევე შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები ირანზე ზეწოლის გაზრდის შესახებ. მისი განცხადებით, მსგავსი განცხადებები, პირიქით, ვაშინგტონის სისუსტეზე მიუთითებს.

საიარის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები ამ ეტაპზე შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობენ და ბოლო კონფლიქტების დროს გამოვლენილი სისუსტეების აღმოფხვრას ცდილობენ.