საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება.
მინისტრმა „იმედის“ ეთერში ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი წლიდან დამამთავრებელ კლასებში „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვა იგეგმება.
მიქანაძის განცხადებით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, დამამთავრებელ კლასებში აირჩიონ სამი ან ოთხი საგანი, რომელთა ჩაბარებასაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გეგმავენ. ამისთვის შესაბამისი პედაგოგების შერჩევა და გადამზადება, ასევე, საგნებში სახელმძღვანელოების მომზადება იგეგმება.
მინისტრის თქმით, სამინისტრომ ასევე დაიწყო მუშაობა განათლებისა და მეცნიერების შესახებ ერთიან კანონპროექტზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა შეცვალოს.
მისივე განცხადებით, კანონპროექტში განათლების სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება გაერთიანებული, მათ შორის, სადოქტორო და უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საკითხები.
მიქანაძის ინფორმაციით, მესამე საფეხურთან დაკავშირებით გარკვეული ხედვის მომზადება შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს. დოკუმენტის წარდგენამდე კი მისი განხილვა აკადემიურ საზოგადოებასთან და პოზიციების შეჯერება იგეგმება.
მინისტრის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების შესახებ ერთიანი კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.