„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით ვითარება დაძაბულია და მმართველ გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებსა და დაკავებებზე საუბრობს.

ფარულავას თქმით, მისი ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე „შიდა პატიმრობაშია“ და მის გადაადგილებასა და კომუნიკაციას აკონტროლებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამის მიზეზად „ოცნების“ საერთო კორუფციული ფონდიდან თანხების მითვისებისა და კრიპტოვალუტაში გადაცვლის შესახებ სავარაუდო დავას ასახელებს.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან შემოსავლების სამსახურისა და ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელები მიხეილ მაღლაკელიძე და ლევან ხარაბაძე.

ფარულავა ასევე აცხადებს, რომ მომავალი კვირისთვის სამთავრობო ცვლილებები და დაკავებები იგეგმება. მისი ინფორმაციით, „სამიზნეშია“ კულტურის ყოფილი მინისტრი თიკა რუხაძე, რომელსაც, ფარულავას მტკიცებით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით ედავებიან. მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული საქმე „რუსთავი 2-ის“ ყოფილ დირექტორს ბაკურ ბაკურაძესაც შეეხოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი „ქართული ოცნების“ მოქმედ ხელისუფლებას კორუფციასა და სხვა მძიმე დანაშაულებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ნდობის პრობლემა არსებობს.

ფარულავა ასევე საუბრობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაძლო ჩანაცვლებაზე და ამტკიცებს, რომ „ოცნებაში“ ძალაუფლების შიდა გადანაწილებაზე მიმდინარეობს საუბარი.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის „ბოლო ჟამია“ და ოპოზიციამ ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობისთვის მზადება უნდა დაიწყოს.

ფარულავას მიერ გავრცელებული განცხადებების დამოუკიდებელი დადასტურება ამ ეტაპზე არ არსებობს.