აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალების შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გარიგების გაფორმების შემთხვევაში, შესყიდვას უკრაინა ევროპული ფინანსური შენატანებისა და აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სახსრებით დააფინანსებს.

უწყების ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ მოითხოვა რაკეტები, მათ შორის S-300-ის ანალოგი და GAM-67-ის ტიპის რაკეტები, შორი მოქმედების ლაზერული მართვის სარაკეტო სისტემები, სატრანსპორტო გამშვები დანადგარები და მობილური გამშვები სისტემების მოდიფიკაციის კომპლექტები.

შესაძლო გარიგება ასევე მოიცავს RPS 202 ტიპის დრონების საწინააღმდეგო რადარებს, მათ მოდიფიკაციასა და ტექნიკურ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებსა და კომპონენტებს, სარემონტო მხარდაჭერას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ დოკუმენტაციასა და სატრანსპორტო მომსახურებას.

ამასთან, პაკეტში გათვალისწინებულია აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორების საინჟინრო, ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის სერვისები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, შესაძლო გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას და გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობებს მიმდინარე და სამომავლო საფრთხეების წინააღმდეგ.