ევროკომისიამ   „2026 წლის გაფართოების პაკეტი“ წარადგენა  რომელიც საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს

“ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა მათი სისტემატური ჩართულობა მტრულ, ანტიევროპულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში, ასევე ევროკავშირის ღირებულებების შელახვა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელების უგულებელყოფა,”   –  ნათქვამია ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში. 

ანგარიშის თანახმად, პრემიერ-მინისტრის 2024 წლის ნოემბრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და 2025–2028 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

 „ეს ასევე მკვეთრ კონტრასტშია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისა.  ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები ფორმალურად კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის კოორდინაციის  ქვეშ რჩებოდა. პარლამენტში არსებულმა ევროკავშირთან  ინტეგრაციის კომიტეტმა შეინარჩუნა ზედამხედველობის ფუნქცია. საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა“, – ნათქვამია ანგარიშში.    ანგარიშის თანახმად, მმართველობის მიმართულებით საქართველოში გაგრძელდა პოლიტიკური ძალაუფლების მმართველ პარტიასა და აღმასრულებელი ხელისუფლების  ინსტიტუტებში ცენტრალიზაციისა და კონცენტრაციის ტენდენცია, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები  ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზეწოლას ახორციელებდნენ.

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის ფარგლებში ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს. ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები საარჩევნო სისტემის ზოგადი ჩარჩოს რეფორმირებისთვის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა „მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში, რამაც სერიოზულად შეარყია საარჩევნო პროცესის კონკურენტუნარიანობა და გამჭვირვალობა“.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ გარემოს განმაპირობებელი ფაქტორები იყო: საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველ პარტიას ანიჭებდა უპირატესობას; ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ არჩევნების ბოიკოტი; საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ნაკლებობა; ამომრჩეველთა დაშინება; ეუთო/ოდირისა და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების არარსებობა.  ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ამჟამად ან სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაში იყოფებიან, ან პატიმრობაში.   „საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდულია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, დემოკრატიული პლურალიზმი კი კიდევ უფრო გაუარესდა.  “, – აღნიშნულია ანგარიშში.

“ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის  უფლებადამცველები მუშაობენ რეპრესიულ გარემოში, რომელიც უარესდება,”   –   ნათქვამია     საქართველოს შესახებ   ნაგარიშშ.  დოკუმენტის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დემოკრატიული მაკონტროლებლის როლი კომპრომეტირებულია და ორგანიზაციები და უფლებადამცველები მზარდი საფრთხის წინაშე დგანან.

 „ხშირად ცვალებადი რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოსა და დაშინების პრაქტიკის კუმულაციური ეფექტი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას და სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

 დოკუმენტის თანახმად, შეშფოთებას იწვევს ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, მათ შორის ისეთი ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი გამოძიებების წარმოება, როგორებიცაა „საბოტაჟი“, „უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება“ და „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“.  „აღნიშნული ქმედებები იძულებითი ხასიათისაა და, საბოლოო ჯამში, ეწინააღმდეგება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპებს. ისინი შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

“ საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება,”  –  აღნიშნულია,   ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტში. 

 ანგარიშის თანახმად, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია”.  “საანგარიშო პერიოდში უკუსვლა დაფიქსირდა. სასამართლო სისტემის საფუძვლიან და ყოვლისმომცველ რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. კერძოდ, საქართველოს ჯერ კიდევ არ განუხორციელებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმა შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია. 2025 წლის დეკემბერში, სასამართლო სისტემის სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო აზიანებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და სასამართლო სისტემის მიტაცების რისკებს ზრდის. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიული სისტემის აღსრულების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება”, – ნათქვამია ანგარიშში.   ევროკომისია აცხადებს, რომ გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და კვლავ ძალაში რჩება.