აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამ დროისთვის მიღწეული არ არის.

ამის შესახებ რუბიომ WABC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი შეთანხმების მიღწევა ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება არ არსებობს.

რუბიოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთსა და უკრაინას შორის პროცესში ჩაერთოს და მხარეებს შორის კომუნიკაციისა და დიპლომატიის ხელშეწყობას შეუწყოს ხელი.

„სწორედ ამიტომ თქვა პრეზიდენტმა, რომ კვლავაც მზად ვიქნებით ჩავერთოთ პროცესში – სადაც კი შესაძლებლობა იქნება, დადებითი გავლენა მოვახდინოთ და ხიდი გავდოთ ამ ორ მხარეს შორის, პრეზიდენტი ამისათვის მზადაა. ჩვენ ამის მცდელობას არ შევწყვეტთ“, – განაცხადა რუბიომ.

მისივე თქმით, აშშ აგრძელებს ორივე მხარესთან ურთიერთობას და ცდილობს, ისეთი შესაძლებლობა იპოვოს, რომელიც რეალური შედეგის მიღწევას შეუწყობს ხელს.

რუბიოს განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი საბოლოოდ მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და არა რომელიმე მხარის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვებით.

„ეს ომი ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს და უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება. სწორედ ასე დასრულდება ის. ის არ დასრულდება რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული რაიმე სახის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვებით; დასრულდება მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიოს თქმით, რაც უფრო მალე დასრულდება ომი, მით ნაკლები იქნება ადამიანური დანაკარგი და ნგრევა.