პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში მომხდარი სროლის შედეგად ექვსი ადამიანის დაღუპვის გამო, 8 და 9 ნოემბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, კაროლინა გალეცკას განცხადებით, გადაწყვეტილება 7 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. თავად კრაკოვში გლოვა ოთხშაბათამდე გაგრძელდება.

პოლიცია მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს. პოლონეთის პოლიციის ხელმძღვანელის, მარეკ ბორონის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე და თავად ეჭვმიტანილი.

თავდასხმიდან რამდენიმე საათში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილები ეჭვმიტანილის მშობლები და და არიან.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლონეთის 25 წლის მოქალაქეა, რომელიც, მინისტრის შეფასებით, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიებით იყო შთაგონებული.

პოლიციის ცნობით, თავდასხმის დროს ეჭვმიტანილმა სამხედრო ტიპის იარაღი გამოიყენა.

გამოძიება თავდასხმის გარემოებებისა და მოტივის დადგენის მიზნით გრძელდება.