ინდოეთის საფონდო ბაზრებმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი კვირეული ზრდა აჩვენეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
6 ნოემბერს ინდოეთის ძირითადი საფონდო ინდექსი Nifty 8,6%-ით, ხოლო Sensex 8,8%-ით გაიზარდა. ორივე ინდექსისთვის ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ საუკეთესო კვირეული შედეგია.
ინდოეთის საფონდო ბაზრებზე ზრდა ზედიზედ შვიდი სავაჭრო სესიის განმავლობაში გაგრძელდა. ამასთან, უცხოელმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მხოლოდ 5 ნოემბერს დაახლოებით 150 მილიარდი რუპიის, ანუ 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები შეიძინეს. ეს თითქმის ექვსი წლის განმავლობაში ერთ დღეში განხორციელებული ყველაზე დიდი წმინდა შესყიდვაა.
ინდოეთის ბაზრების ზრდა გლობალურ საფონდო ბირჟებზე ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მკვეთრი გაუფასურების ფონზე დაფიქსირდა. სამხრეთ კორეისა და იაპონიის ძირითადი ინდექსები კვირის განმავლობაში დაახლოებით 6%-ით, ხოლო ტაივანის ინდექსი 4,5%-ით შემცირდა.
ინდოეთში ყველაზე მაღალი ზრდა ფინანსურ სექტორში დაფიქსირდა – 10,4%. HDFC Bank-ის აქციები 13,8%-ით, ICICI Bank-ის 12,4%-ით, ხოლო Reliance Industries-ის 13,3%-ით გაძვირდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთის ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო ნავთობის ფასების შემცირებამ, უცხოური კაპიტალის შემოდინებამ და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე შედარებით დაბალმა დამოკიდებულებამ.