უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით განხორციელებული იერიშების ფონზე, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო-საავიაციო ოპერაციები დაიწყო.

ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა.

უწყების ცნობით, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, ოპერატიულმა სარდლობამ საჭირო სამხედრო ძალებისა და რესურსების მობილიზება მოახდინა.

ამასთან, მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, განხორციელებული ღონისძიებები პრევენციული ხასიათისაა და მათი მიზანი ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფაა.

ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ ვითარებას მუდმივად აკვირდება, ხოლო დაქვემდებარებული ძალები და შესაბამისი საშუალებები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.

23 სექტემბრის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით დრონებით იერიში მიიტანეს. დარტყმები, მათ შორის, კიევის სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა.