პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, პოლონეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ნიშნები არსებობს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შესაძლოა მალე გაუმჯობესდეს.
სიკორსკიმ ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემები საზღვარზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოება იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს ბელარუსის ტერიტორიიდან დრონების გაშვების საკითხი.
სიკორსკის თქმით, ეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი, გაცნობითი შეხვედრა იყო, თუმცა სხვადასხვა დონეზე სხვა უწყებებს შორის კომუნიკაციაც მიმდინარეობს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვარშავა მალე მინსკში საელჩოს ახალი შენობის გახსნასაც გეგმავს.
„როდესაც მეზობელს ურთიერთობების გალღობა და გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის პირველია, ვინც შეთანხმებას აღწევს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისივე თქმით, პოლონეთსა და ბელარუსს შორის ამ დონის ურთიერთობები 2016 წლის შემდეგ არ ყოფილა.
სიკორსკის შეფასებით, ამჟამად ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება წარსულთან შედარებით უფრო ნორმალიზებულია. მისი განცხადებით, ამაში გავლენა იქონია პოლონეთის მიერ საზღვარზე ეფექტური ღობის მოწყობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონტაქტების ფარგლებში მოხდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც, მათ შორის პოლონელი ჟურნალისტის, ანდჟეი პოჩობუტის.