აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი მკვეთრად შემცირდება. ამის შესახებ მან ალაბამაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, მან „დიდი შვიდეულის“ წევრებთან მოლაპარაკება გამართა და ევროპასთან შეთანხმებას მიაღწია მარაგებიდან დიდი რაოდენობით დიზელის საწვავის ბაზარზე გატანის შესახებ.

„ეს დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დიზელის საწვავის ფასები უკვე მცირდება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი კლება ირანთან ომის დასრულების შემდეგ არის მოსალოდნელი.

„ფასები მკვეთრად დაეცემა მას შემდეგ, რაც ირანთან საბოლოოდ დავასრულებთ. სხვათა შორის, ასე თუ ისე, ეს ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ირანთან ომმა და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა საწვავის გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. NBC News-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ კონფლიქტის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის შემდეგაც საცალო ფასების შემცირებას გარკვეული დრო შეიძლება დასჭირდეს.