რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობაზე საუბრობენ და შესაბამისი ვიდეოჩანაწერების სრულად გასაჯაროებას ითხოვენ.

გიორგი დავითაძის დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, პატიმრებზე ძალადობენ.

„პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ირმა დავითაძემ.

ოჯახი ასევე ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მანამდე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც, უწყების განმარტებით, დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის ყოფნაა ასახული.

ირმა დავითაძის თქმით, გასაჯაროებული ჩანაწერი მომხდარს სრულად არ ასახავს. ის აცხადებს, რომ არსებობს დამატებითი ვიდეომასალაც და მოითხოვს, კადრები სრულად, ხმის თანხლებით გასაჯაროვდეს.

„გაასაჯაროონ კადრები ხმოვანი სახით“, – განაცხადა ირმა დავითაძემ.