საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციების დროს, ორშაბათიდან დღემდე, პოლიციამ დაახლოებით 5 000 ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის განცხადებით, მხოლოდ ხუთშაბათს სამართალდამცველებმა 1 954 ადამიანი დააკავეს, პარასკევს კი – 1 747.
პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
არეულობისა და შეტაკებების გამო პარასკევს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400 სკოლა დაიხურა.
საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარდ ჟეფრეის ინფორმაციით, დაპირისპირებისას სკოლების 65 თანამშრომელი დაშავდა, მათ შორის 40 სკოლის დირექტორი.
საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციები ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრანტები სკოლების არასაკმარის დაფინანსებას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.