შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით თბილისსა და რეგიონებში 80 პირი დააკავეს, კიდევ 14 პირს კი ბრალი წარედგინება. მათ შორის ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

უწყების ცნობით, მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად გასული 24 საათის განმავლობაში ჩაატარა.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და ფინანსურ დავებში გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

უწყების ვერსიით, ბრალდებულები ერთ-ერთ მხარეს მეორე მხარისა და საკუთარი სარგებლისთვის გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223¹, 223³, 223⁴ და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.