უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გააძლიერებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს მოსკოვის მიერ არჩეული საჰაერო დარტყმების ახალი სტრატეგიის საპასუხოდ, რომლის მიზანია მოსახლეობა აიძულონ, კიევი და სხვა ქალაქები დატოვონ.
უკრაინის პრეზიდენტმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა, ზამთრის წინ, გასცა ბრძანება „ახალი დოქტრინის“ შესახებ; ეს დოქტრინა ითვალისწინებს სამხედრო დარტყმების განხორციელებას სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების გაცილებით ფართო სპექტრზე.
“ვიხილეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი ითვალისწინებს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ თავდასხმებს, განსაკუთრებით კი – ქალაქებსა და სოფლებში, ყველგან: გზებზე, სკოლებსა და საავადმყოფოებზე დარტყმებს. ხალხზე ზეწოლის მოხდენა, რათა მათ დატოვონ დედაქალაქი და სხვა ქალაქები – სწორედ ეს არის ამ ოპერაციის მიზანი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პოლიტიკის ამგვარი ცვლილება განაპირობა პუტინის სურვილმა, ძლიერად წარმოაჩინოს თავი იმ ფონზე, როდესაც მისი არმია პოზიციებს კარგავს დონბასში და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მოსკოვის ტაქტიკის ცვლილებას საპასუხო ქმედებებით უპასუხებს, თუმცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს არ განახორციელებს.
„ნებისმიერი გზით უნდა ვუპასუხოთ. მათი მხრიდან ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, ჩვენც მათ ენერგეტიკულ ობიექტებს უნდა დავარტყათ. უპირველეს ყოვლისა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ა.შ. – იმას, რაც მათ ამ ომისთვის ფინანსურ რესურსს აძლევს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვუპასუხებთ ისე, როგორც ისინი იქცევიან – სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.