[სანქციების ახალ პაკეტს] ეფექტი ექნება ნული! ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით? – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე , „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების“ გაერთიანების, – ALDE Party-ის მოწოდებას ევროკავშირის მიმართ მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მთავარია, გაატარონ პოლიტიკა, რომელიც „პირველ რიგში, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დაიცავს“.
„[სანქციების ახალ პაკეტს] ეფექტი ექნება ნული! ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით? როდესაც შენ გაქვს არასამართლიანი დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყნებთან და მთავრობებთან იმ მიზნით, რომ იქ შენი აგენტურა მოვიდეს ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, რომ შანსი აქვთ ნული. ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება. ჩვენთვის მთავარია, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დაიცვას – ეს არის მთავარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ – ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი. ALDE-ს პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოიტიენი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს შესაბამისი წერილით მიმართავენ.
„გწერთ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) იძულებითი გადაწყვეტილების გამო, რომ თბილისში თავისი ოფისი დახუროს, რომელმაც ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. FNF იძულებული გახდა, საქართველოში მისი საქმიანობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნებადართული, თუ ის ხელისუფლების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოვიდოდა. აღნიშნულ პირობებში, FNF-მა დაასკვნა, რომ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდი, მისი მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა“, – ნათქვამია წერილში.