ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

უფრო კონკრეტულად, ვანის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმების 87.162% (387 ხმა) მიიღო, ხოლო, ,,ძლიერი საქართველო – ლელოს” კანდიდატმა 12.838% (57 ხმა).

დმანისის მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების” კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 98.496%-მა (131 ხმა) დაუჭირა მხარი, ,,ძლიერი საქართველო – ლელოს” კანდიდატს კი – 1.504%-მა (2 ხმა).

წალკის მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების” კანდიდატს ხმა 96.737%-მა (415 ხმა) მისცა, ,,ძლიერი საქართველო – ლელოს” კანდიდატს კი მხარი 3.263%-მა (14 ხმა) დაუჭირა.

რაც შეეხება ახმეტის მაჟორიტარულ ოლქს, აქ არჩევნებში მხოლოდ ,,ქართული ოცნების” კანდიდატი მონაწილეობდა და მან 115 ხმა მიიღო.

საკრებულოს შუალედური არჩევნები საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში – ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში გაიმართა.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 1136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.6%-ს შეადგენს.

ამომრჩევლებმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრი აირჩიეს, შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო ახმეტაში – სოფელ კასრისწყალში, დმანისში – სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში – იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში – სოფელ ფერეთაში. გამოყენებული იქნა როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იყო ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენდა. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 – მა ამომრჩეველმა მიმართა.

არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებული იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.