ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 3 ნოემბერს, კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობასა და სენატის წევრთა ნაწილს ირჩევენ. არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რომელი პოლიტიკური ძალა გააკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

კენჭისყრამდე წინასწარი ხმის მიცემის შესაძლებლობით 54 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ისარგებლა.

არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატის 435-ვე ადგილი და სენატის 100 ადგილიდან 35 მანდატია გასანაწილებელი. ამასთან, რამდენიმე შტატში გუბერნატორების არჩევნებიც ტარდება.

ამჟამად კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს. წარმომადგენელთა პალატაში 218 რესპუბლიკელი, 214 დემოკრატი და ერთი დამოუკიდებელი წევრია, ხოლო ორი ადგილი ვაკანტურია.

სენატში რესპუბლიკელებს 53 მანდატი აქვთ, დემოკრატებს – 45. კიდევ ორი დამოუკიდებელი სენატორი კენჭისყრისას დემოკრატებთან თანამშრომლობს.

არჩევნების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს მიმართა და განაცხადა, რომ კონგრესზე კონტროლის დემოკრატების ხელში გადასვლამ შესაძლოა, მისი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ ცვლილებებს საფრთხე შეუქმნას.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა ყურადღება გაამახვილა საკუთარი ადმინისტრაციის მიღწევებზე და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებს მათი შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

„ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს“, – განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელ ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენაც მოუწოდა. მისი თქმით, პარტიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლების მობილიზება, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მას უჭერენ მხარს.

ტრამპმა მოქალაქეებს მოუწოდა, წარმოიდგინონ, თითქოს საარჩევნო ბიულეტენში მისი სახელიც არის შეტანილი.

„როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ; ამ დროს 50%-ით მეტ ხმას ვიღებთ, ვიდრე მაშინ, როცა ბიულეტენში არ ვარ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ. თუ ჩვენი ხალხი მივა არჩევნებზე, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.