რა ფაქტორებმა განსაზღვრა ამერიკელი ამომრჩევლის არჩევანი და როგორ შეიძლება შეიცვალოს პრეზიდენტისა და კონგრესის ურთიერთობა? „რეალპოლიტიკას“ ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში საუბრობს ეკონომიკური უკმაყოფილების მიზეზებზე, დემოკრატების პოლიტიკურ შესაძლებლობებსა და საგარეო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. მისი შეფასებით, კონგრესს შეუძლია ადმინისტრაციის მოქმედებები შეზღუდოს, თუმცა ტრამპის საგარეო პოლიტიკური ხედვების არსებითი გადახედვა ნაკლებად მოსალოდნელია.
– რა იყო რესპუბლიკელების მარცხის მთავარი მიზეზი? რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეკონომიკური მდგომარეობა და დონალდ ტრამპის პოლიტიკური სტილი?
– შუალედური არჩევნები ყოველთვის ერთგვარი რეფერენდუმია. საზოგადოება აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი ფასების ზრდა და ინფლაციით გამოწვეული უკმაყოფილება იყო.
ფასების ზრდა თავის დროზე ჯო ბაიდენის მიმართ უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. თუმცა ტრამპის შემთხვევაში ეკონომიკურ პრობლემებს მისივე გადაწყვეტილებებმაც შეუწყო ხელი. ვგულისხმობ სავაჭრო დაპირისპირებასა და ტარიფებს, განსაკუთრებით ჩინეთთან და კანადასთან ურთიერთობაში.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ირანთან ომი და ენერგომატარებლების გაძვირება. ამერიკაში საწვავის ფასი განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია: ის გავლენას ახდენს როგორც ყოველდღიურ გადაადგილებაზე, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სფეროზე.
ამიტომ შედეგს მხოლოდ რომელიმე სოციალური ჯგუფის აქტიურობით ვერ ავხსნით. ჩემი შეფასებით, ეს ხელისუფლების მიმართ ფართო საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამოხატულებაა.
– რას აჩვენებს შედეგი იმ ამომრჩევლის განწყობაზე, რომელმაც წინა არჩევნებში ტრამპს დაუჭირა მხარი?
– ტრამპის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ესპანურენოვანმა ამომრჩეველმა, რომლის ნაწილიც ეკონომიკური პრობლემებით იყო უკმაყოფილო. როგორც ჩანს, ამ ადამიანების ნაწილმა ვერ მიიღო ის შედეგი, რომლის მოლოდინითაც რესპუბლიკელებს მისცა ხმა.
ეს ამერიკული დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელია: ამომრჩეველი პოლიტიკოსს ნდობას აძლევს და შედეგს ელოდება. თუ შედეგი არ აკმაყოფილებს, საკუთარ არჩევანს ცვლის.
რესპუბლიკელებს რთული პერიოდი ელით. საკანონმდებლო ინიციატივების გატანა, ბიუჯეტის დამტკიცება და ქვეყნის მართვა იმ პირობებში, როდესაც კონგრესში წინააღმდეგობა იზრდება, გაცილებით რთული იქნება.
ამასთან, საარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესინტერესებთან დაკავშირებულ კითხვებს. ვფიქრობ, დემოკრატები კონგრესის საგამოძიებო უფლებამოსილებებს გამოიყენებენ და ადმინისტრაციისა თუ ოჯახის წევრების საქმიანობასთან დაკავშირებით მოსმენებს გამართავენ.
– როგორ შეიძლება აისახოს კონგრესში ძალთა ბალანსის ცვლილება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე? უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს უკრაინის, ევროპის, ნატოსა და ჩინეთის მიმართულებით?
– საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში წამყვანი როლი პრეზიდენტს აქვს, თუმცა კონგრესსაც მნიშვნელოვანი ბერკეტები გააჩნია. ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ბიუჯეტია.
მაგალითად, ომის გაგრძელებას თავდაცვის ხარჯების ზრდა სჭირდება. ძვირადღირებული სამხედრო ოპერაციების დაფინანსება კონგრესის მხარდაჭერის გარეშე რთულდება. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია ადმინისტრაციას სერიოზული შეზღუდვები დაუწესოს.
თუმცა არ ვფიქრობ, რომ არჩევნებში მარცხი ტრამპს საკუთარი ხედვების არსებითად შეცვლისკენ უბიძგებს. წლებია, გარკვეულ საკითხებზე ერთსა და იმავეს ამბობს და შესაბამის პოლიტიკასაც ატარებს. შეიძლება მისი მოქმედების შესაძლებლობები შეიზღუდოს, მაგრამ საგარეო პოლიტიკური კურსის პრინციპულ ცვლილებას არ ველოდები.
– ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების ინიციატივებს ვეტოს დაადებს და მათ თანამშრომლობა მაინც მოუწევთ. რას ნიშნავს ეს საშინაო პოლიტიკისთვის?
– საშინაო პოლიტიკაში კონგრესის გავლენა განსაკუთრებით დიდია. ბიუჯეტი, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური საკითხები, ამ მიმართულებებით გადაწყვეტილებების მიღებას შეთანხმება სჭირდება.
თუ ტრამპი კომპრომისზე არ წავა, ბიუჯეტის დამტკიცება გაუჭირდება. ეს არ იქნება ვითარება, როდესაც მხოლოდ დემოკრატებს მოუწევთ დათმობა და პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას უცვლელად შეინარჩუნებს.
ველოდები მწვავე დაპირისპირებებს. შესაძლოა, საქმე ფედერალური მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებამდეც მივიდეს. ამავე დროს, დემოკრატები შეეცდებიან აჩვენონ, რით განსხვავდება მათი პრიორიტეტები ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან, განსაკუთრებით სოციალური საკითხების მიმართულებით.
მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რამდენად შეთანხმებულად იმოქმედებს თავად დემოკრატიული პარტია. მის შიგნით განსხვავებული ჯგუფები არსებობენ და ყველა ინიციატივის გარშემო ერთიანობა გარანტირებული არ არის.
– როგორ ცვლის ეს შედეგი დემოკრატიული პარტიის სამომავლო პერსპექტივას?
– არჩევნებში გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებმაც რთულ საარჩევნო გარემოში წარმატებას მიაღწიეს. ასეთი შედეგი მათ ეროვნულ დონეზე ცნობადობასა და პოლიტიკურ წონას ზრდის.
შესაბამისად, დემოკრატიულ პარტიაში უკვე იწყება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება. ის ადამიანები, რომლებმაც ახლა თავი გამოიჩინეს, შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტებადაც ვიხილოთ.
რესპუბლიკელებს კი მოუწევთ იმაზე ფიქრი, როგორ დაიბრუნონ იმ ამომრჩევლის ნდობა, რომელიც ტრამპს ეკონომიკური ცვლილებების მოლოდინით უჭერდა მხარს. ეს მხარდაჭერა ავტომატურად აღარ დაბრუნდება.
– უკრაინის დახმარების მიმართულებით მეტ აქტიურობას ელოდებით? შეუძლია კონგრესს უფრო მკაფიო ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა?
– მნიშვნელოვან გარდატეხას არ ველოდები, რადგან გადაწყვეტილებების განხორციელებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია კვლავ გადამწყვეტია.
ჩემი შეფასებით, ტრამპის მიდგომა მცდარია: ის ფიქრობს, რომ უკრაინის დახმარების შემცირებითა და კიევზე ზეწოლით შეთანხმების მიღწევას შეძლებს. რეალურად კი, რაც უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებს უკრაინა, მით უფრო იზრდება პუტინის მოლოდინი და მოთხოვნები. ეს შეთანხმების შესაძლებლობას ამცირებს.
თუ მიზანი მშვიდობის მიღწევაა, უკრაინას უფრო ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა ტრამპის ეს ხედვა დიდი ხანია ჩამოყალიბებულია და არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ შუალედური არჩევნების შედეგი მას შეცვლის.
– ანუ რესპუბლიკელების მარცხის მიუხედავად, პრეზიდენტმა შეიძლება მნიშვნელოვანი კორექტივები არ შეიტანოს საკუთარ პოლიტიკაში?
– დიახ, ეს შესაძლებელია. მისი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ ბევრ მაგალითს, როდესაც საზოგადოებრივი უკმაყოფილების ან პარტიული საჭიროებების გამო საკუთარი მიდგომა არსებითად შეუცვლია.
ჩემი აზრით, მას გაუჭირდა კავშირის შენარჩუნება იმ ამომრჩეველთანაც, რომელმაც მის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამერიკის საგარეო სამხედრო ჩარევებს ეწინააღმდეგებოდნენ.
ფასების ზრდამ, ომით უკმაყოფილებამ და ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ გაჩენილმა კითხვებმა ამ საარჩევნო კოალიციას პრობლემები შეუქმნა. მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელებს ახალი გზავნილები და დაკარგული ნდობის აღდგენა დასჭირდებათ. განსაკუთრებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს ეს იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც ამ ადმინისტრაციასთან მჭიდროდ იქნებიან დაკავშირებული.
– ტრამპის თქმით, თავად რომ ყოფილიყო საარჩევნო ბიულეტენში, რესპუბლიკელები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდნენ. რამდენად დამაჯერებელია ეს მოსაზრება?
– ამ შეფასებას არ ვეთანხმები. პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილების ფონზე რთულია იმის მტკიცება, რომ მისი უშუალო მონაწილეობა პარტიას აუცილებლად დაეხმარებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც წესი, მეტი ადამიანი მონაწილეობს, ვიდრე შუალედურ არჩევნებში. მაგრამ უფრო მაღალი აქტივობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ შედეგი აუცილებლად რესპუბლიკელების სასარგებლოდ შეიცვლებოდა.
ჩემი აზრით, პრობლემაა ისიც, როგორ ესაუბრება პრეზიდენტი ამომრჩეველს. როდესაც საზოგადოებას ფასების ზრდა აწუხებს, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ეს პრობლემა ესმის და მის მოგვარებას ცდილობს. პრობლემის უარყოფა და იმის მტკიცება, რომ ყველაფერი საუკეთესო მდგომარეობაშია, ადამიანების ყოველდღიურ გამოცდილებას ეწინააღმდეგება.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
გადაცემის სტუმარი: „რეალპოლიტიკას“ ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე