საქართველოში წყალსარგებლობის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება, რომელთა მიხედვითაც საირიგაციო და არასაირიგაციო წყალმომხმარებლებისთვის განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმები განისაზღვრება. ცვლილებები შეეხება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) უფლებამოსილებებს, წყლის მიწოდების საფასურის დადგენის წესსა და სექტორის ადმინისტრირებას.

კანონპროექტის თანახმად, ერთმანეთისგან გაიმიჯნება პროფილური და არაპროფილური წყალმომხმარებლების სამართლებრივი რეგულირება. პროფილური, ანუ საირიგაციო წყალმომხმარებლები კვლავ სემეკის რეგულირების სფეროში დარჩებიან, ხოლო არაპროფილური მომხმარებლების რეგულირება კომისიის უფლებამოსილებიდან გამოირიცხება.

არაპროფილურ მომხმარებლებს მიეკუთვნებიან ჰიდროელექტროსადგურები, ტბორების მფლობელები და საწარმოები, რომლებიც წყალს ტექნიკური დანიშნულებით იყენებენ.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული კატეგორიის მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების საფასურს, შესაბამის ტარიფებსა და დარიცხვის წესებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ახალი რეგულაციების დასადგენად მთავრობას ვადა 2027 წლის 1-ელ აპრილამდე ექნება.

ცვლილებების განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება. 2026 წელი მოსამზადებელ პერიოდად განისაზღვრება, ხოლო 2027–2029 წლებში შესაბამისი უფლებამოსილებებისა და რეგულაციების სრულად ამოქმედებაა გათვალისწინებული.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, არაპროფილური წყალმომხმარებლების სემეკის რეგულირების სფეროდან გამორიცხვა კომისიის ადმინისტრაციულ დატვირთვას შეამცირებს და საშუალებას მისცემს მას, საქმიანობა ძირითადად საირიგაციო წყალსარგებლობის რეგულირებაზე მიმართოს.

ცვლილებებს ფინანსური გავლენაც ექნება.

ამჟამად პირველადი წყალმოსარგებლე კომპანია „საქართველოს მელიორაცია“ არაპროფილური მომხმარებლებისგან ყოველწლიურად დაახლოებით 4–4,2 მილიონ ლარის შემოსავალს იღებს.

მთავრობის მიერ წყლის მიწოდების ახალი საფასურის განსაზღვრამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კომპანიის შემოსავლებზე. შესაბამისად, ცვლილებები აისახება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოგების გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობაზეც.

ამ ეტაპზე უცნობია, გაიზრდება თუ შემცირდება არაპროფილური მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების საფასური, რადგან ახალი ტარიფები ჯერ განსაზღვრული არ არის.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია წყალსარგებლობის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რეგულირების ფუნქციების გამიჯვნა და არასაირიგაციო წყალსარგებლობის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება.

საკანონმდებლო ცვლილებების საბოლოო პირობები კანონპროექტის განხილვისა და მიღების პროცესში განისაზღვრება