„ქართული ოცნების“ განცხადებით, მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის შედეგებით, საქართველომ კანონის უზენაესობის მიმართულებით 59%-იანი შეფასება მიიღო.

მმართველი პარტიის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მე-15 ადგილზე აღმოჩნდა.

პარტიის განცხადებით, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს.

„ქართული ოცნების“ ცნობით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებზეც საქართველომ უკეთესი შედეგი აჩვენა, დიდი შვიდეულის წევრი ორი სახელმწიფო – საფრანგეთი და იტალიაც არიან.

მმართველი პარტია აღნიშნულ მონაცემებს ქვეყნის კანონის უზენაესობის მიმართულებით მიღწეულ შედეგად აფასებს.