ირანი აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში დაეხმარებიან. თეირანის განცხადებით, ასეთი სახელმწიფოები და სამხედრო ძალები შესაძლოა ირანის საპასუხო დარტყმების სამიზნეები გახდნენ.

ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის უფროსმა მრჩეველმა, ბრიგადის გენერალმა ალი ბალალიმ განაცხადა.

ირანელი გენერლის თქმით, აშშ-ის მხრიდან ახალი სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში თეირანის პასუხი მხოლოდ კონკრეტული გეოგრაფიული არეალით არ შემოიფარგლება. ამასთან, შესაძლო სამიზნეების განსაზღვრა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად აქტიურად ითანამშრომლებს ესა თუ ის ქვეყანა ვაშინგტონთან.

ბალალიმ ყურადღება გაამახვილა ირანის სარაკეტო შესაძლებლობებზეც. მისი განცხადებით, ქვეყნის სარაკეტო შეიარაღება ადგილობრივი წარმოებისაა, რაც თეირანს საშუალებას აძლევს, სამხედრო პოტენციალი საგარეო მომწოდებლებზე დამოკიდებულების გარეშე შეინარჩუნოს.

გენერლის მტკიცებით, ირანის სარაკეტო სისტემებს შეუძლიათ ისრაელის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეებისა და რეგიონში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების დაზიანება.

მან განსაკუთრებით გამოყო „ფათაჰ-2“-ის ტიპის რაკეტა, რომელსაც, მისი თქმით, ფრენისას მანევრირება შეუძლია, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მის გადაჭერას ართულებს.

ბალალიმ ასევე ისაუბრა „სპარსეთის ყურის“ ტიპის რაკეტაზე, რომელიც, მისი განმარტებით, მოძრავი საზღვაო სამიზნეების, მათ შორის ამერიკული სამხედრო ხომალდების წინააღმდეგ გამოსაყენებლად შეიქმნა.

ირანელი გენერლის განცხადებით, ქვეყნის სარაკეტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა რეგიონშია განაწილებული და შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ხანგრძლივი ოპერაციების განხორციელებისთვისაა გათვლილი.

მისივე თქმით, თეირანი შესაძლო საპასუხო დარტყმების კონკრეტულ სამიზნეებს წინასწარ არ დაასახელებს.

განცხადება აშშ-სა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაკეთდა. ვაშინგტონის მხრიდან ახალი სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობაზე საუბარმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული შეშფოთება გააძლიერა.

წყარო:

presstv.co.uk

reuters.com

tasnimnews.ir