უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხრიდან ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების საკითხებზე ფართო შეთანხმების შესაძლო განხილვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ინიციატივა შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.
CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების უზრუნველყოფა უნდა იყოს.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, მოლაპარაკებები არ უნდა გადაიზარდოს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებს დიდი სახელმწიფოების შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავს.
ამ კონტექსტში ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა „იალტა-2“-ის საფრთხეზე. აღნიშნული ტერმინი 1945 წლის იალტის კონფერენციას უკავშირდება, რომელზეც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ლიდერები ომისშემდგომი ევროპის მოწყობის საკითხებს განიხილავდნენ.
ზელენსკის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მრჩევლის, ჯარედ კუშნერის კომენტარები შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.
ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის შესაძლოა ფართომასშტაბიანი შეთანხმება გაფორმდეს, რომლის განხილვაშიც მთელი ევროპა ჩაერთვება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის მიმართულებით პროგრესი შეინიშნება და ორივე მხარე მზადყოფნას გამოხატავს დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად.
უკრაინის პრეზიდენტი კი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების განხილვისას პრიორიტეტი უკრაინის უსაფრთხოება და ომის დასრულების პირობები უნდა იყოს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა კონკრეტულ საკითხებს მოიცავს ვაშინგტონის მიერ განხილული შესაძლო ფართომასშტაბიანი შეთანხმება და რა ფორმით მიიღებენ მასში მონაწილეობას ევროპული სახელმწიფოები.