თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტი დადგენილ ვადაში, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

კალაძის თქმით, დედაქალაქის ხელისუფლება შეასრულებს თბილისელებისთვის მიცემულ პირობას, რომლის მიხედვითაც, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება გამზირის რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს.

პარალელურად დაგეგმილია საკომუნიკაციო ჭების გზის საფარის დონემდე მოყვანა და გამწვანების სამუშაოების განხორციელება.

თბილისის მერიის განცხადებით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რათა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განსაზღვრულ ვადაში დასრულდეს.