საქართველო იმ 40 სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი 12 ნოემბერს, დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა.
დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყნები ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში ხაზგასმულია უკრაინისთვის მყარი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების შექმნის აუცილებლობა, რათა მომავალში ევროპაში სამხედრო აგრესიის განმეორება თავიდან იქნეს აცილებული.
დეკლარაციის თანახმად, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზები თავად უკრაინის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში ევროპული სახელმწიფოები უნდა მონაწილეობდნენ.
ხელმომწერი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და ევროპაში სტრატეგიული სტაბილურობის სამომავლო განვითარება უკრაინაში ომის დასრულებას უკავშირდება.
დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებას. მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფოების სუვერენულ თანასწორობას, საზღვრების ხელშეუხებლობას, შიდა საქმეებში ჩაურევლობასა და ქვეყნების უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების პრიორიტეტები.
დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს ევროპული სახელმწიფოების თანამშრომლობის გაძლიერებას თავდაცვის, კიბერუსაფრთხოების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ხელმომწერები მზადყოფნას გამოთქვამენ, შესაბამისი პირობების შექმნისა და ევროპაში მშვიდობის აღდგენის შემდეგ განიხილონ რისკების შემცირებისა და უსაფრთხოების განმტკიცების დამატებითი მექანიზმები.
დეკლარაციის ხელმომწერთა ოფიციალურ სიაში საქართველოსთან ერთად არიან უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ევროპის სხვა სახელმწიფოები.