ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ალ-მავასის რაიონში, ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური, სამირ აბუ იუნისი დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელისა და ღაზის ოფიციალური პირები ადასტურებენ.

53 წლის სამირ აბუ იუნისი „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, „ალ-კასამის ბრიგადების“, რაფაჰის ბრიგადას ხელმძღვანელობდა. დაჯგუფების განცხადებით, ის 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაში მონაწილეობდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) და ქვეყნის უსაფრთხოების სააგენტომ (ISA) ერთობლივ განცხადებაში დაადასტურეს, რომ სამხედრო ოპერაციის სამიზნე სწორედ აბუ იუნისი იყო.

ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, აბუ იუნისი „ჰამასის“ ხელმძღვანელობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა და ბოლო პერიოდში რაფაჰის ბრიგადის საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენაზე მუშაობდა.

„ის ბრიგადის მებრძოლებს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების მომზადებისა და განხორციელებისკენ მოუწოდებდა“, – ნათქვამია ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებაში.

ისრაელის არმიის მტკიცებით, საჰაერო დარტყმამდე მიღებული იყო ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შესაძლო ზიანის შესამცირებლად.

ავიაიერიში დევნილთა ბანაკში

ღაზის სექტორში თვითმხილველების ინფორმაციით, ალ-მავასის რაიონში მდებარე ალ-ვაჰას ბანაკში, სადაც ასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი ცხოვრობს, ერთ-ერთ კარავს ოთხი რაკეტა მოხვდა.

დარტყმის შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ხან-იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოს სამედიცინო წყაროს განცხადებით, საავადმყოფოში სამი დაშავებული და ერთი გარდაცვლილის ცხედარი გადაიყვანეს.

„ჰამასის“ სამხედრო ფრთამ აბუ იუნისის გარდაცვალება სოციალურ ქსელ Telegram-ში გავრცელებული განცხადებით დაადასტურა და მომხდარს „მხდალი მკვლელობა“ უწოდა.

დაჯგუფების განცხადებით, აბუ იუნისი მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში და 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.

ვინ იყო სამირ აბუ იუნისი?

სამირ აბუ იუნისი „ჰამასის“ შეიარაღებულ ფრთას 1991 წელს შეუერთდა. მომდევნო წლებში მას სხვადასხვა მაღალი სამხედრო თანამდებობა ეკავა.

რაფაჰის ბრიგადის მეთაურად ის 15 სექტემბერს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ბრიგადის წინა ხელმძღვანელი ნაილ აბუ ობეიდი დაიღუპა.

„ჰამასის“ ინფორმაციით, აბუ იუნისის დაკრძალვა კვირას, ხან-იუნისში გაიმართება.

წყარო: BBC