საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ – ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზე, მოსახლეობის შემოსავლებზე, საგარეო ვაჭრობაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა 2021–2025 წლებში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე, 2026 წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებზე. მან ასევე წარმოადგინა მთავრობის გეგმები სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2021–2025 წლებში საქართველოს საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 9,5% შეადგინა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური მაჩვენებლების შედარებისას მოლდოვის მონაცემებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2020 წელს საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ეს სხვაობა დამატებით 13,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

რაც შეეხება 2026 წელს, პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, პირველ ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,4% შეადგინა.

„მოხარულები ვართ, რომ წელსაც შენარჩუნდა ეს დადებითი დინამიკა და არსებული მონაცემებით, პირველი 9 თვის, 3 კვარტლის მონაცემებით ზრდამ შეადგინა 7.4% და შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში 2026 წლის პროგნოზი გაზარდა 5.3 %-დან 7.2%-მდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026–2031 წლების პროგნოზის მიხედვით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 5,5% იქნება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მაჩვენებლებზე. მისი ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი დაახლოებით 18%-ით გაიზარდა და თითქმის 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 60% შეადგინა.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 4,5%-ით გაიზარდა და 3,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა კრიზისმა გავლენა მოახდინა საქართველოს ტურიზმის სექტორზე.

მან ასევე წარმოადგინა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებლები. მისი განცხადებით, 2025–2026 წლებში დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე ნაკლებია, მაშინ როდესაც 2016–2021 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ს შეადგენდა.

სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის შემოსავლები

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ზრდის პარალელურად მოსახლეობის ცხოვრების დონისა და შემოსავლების საკითხებზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2020 წლის შემდეგ სიღარიბის მაჩვენებელი 21,3%-დან 7,1%-მდე შემცირდა. კობახიძის ინფორმაციით, ამ პერიოდში სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია.

„როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე მიუთითებს საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკაც.

„ამ ყველაფრის საუკეთესო დასტურია საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკაც, რომელიც რამდენჯერმე არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები რამდენჯერმე მეტ შემოსავალს იღებენ და ეს არის ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მსყიდველუნარიანობის პარიტეტით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს გადააჭარბა.

მისი თქმით, მთავრობის მიზანია, საშუალოვადიან პერიოდში საქართველომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. კობახიძის განცხადებით, არსებული ეკონომიკური ტენდენციებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის გათვალისწინებით, აღნიშნული მიზნის მიღწევა 2031–2032 წლებშია შესაძლებელი.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და საინვესტიციო გეგმები

გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს, მათ შორის საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებს, საგზაო ინფრასტრუქტურას, პორტებს, აეროპორტებსა და რკინიგზას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად შესაბამის სფეროში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება.

„ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი. შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, მთავრობის გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის უნდა დასრულდეს ავტობანის ყველა დაგეგმილი მონაკვეთის მშენებლობა.

საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის არის დაგეგმილი.

აეროპორტების განვითარების მიმართულებით კობახიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება. მან ასევე ისაუბრა ბათუმის აეროპორტთან დაკავშირებულ გეგმებსა და ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 2031 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

ამასთან, მთავრობის გეგმები ითვალისწინებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაფართოებას.

„ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოლიტიკური სტაბილურობა და საკანონმდებლო გადაწყვეტილებები

კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური სტაბილურობის საკითხზეც ისაუბრა და ის ეკონომიკური საქმიანობისთვის მნიშვნელოვან პირობად დაასახელა.

პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.

„ბიზნესისა და ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

„მოგეხსენებათ, რომ დაგვჭირდა გაბედული და თამამი ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა გარე საფრთხეებისგან, დაგვეცვა ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ამ კუთხით ერთ-ერთი პრინციპული გადადგმული ნაბიჯი იყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის მტკიცებით, ხელისუფლებამ შეძლო თავიდან აერიდებინა დესტაბილიზაციის მცდელობები, რომლებსაც, მისი განცხადებით, საგარეო დაფინანსება ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული საკითხები ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობისთვის სტაბილური გარემოს შენარჩუნებას დაუკავშირა.

ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა

გამოსვლის დასკვნით ნაწილში ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მისი განცხადებით, ეკონომიკური განვითარების პროცესში ხელისუფლების ფუნქცია შესაბამისი პირობების შექმნაა, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის უშუალო განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი ბიზნესს ეკისრება.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით თქვენ, ბიზნესმენები, აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძემ ბიზნესის წარმომადგენლებს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის, კერძო სექტორთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებების რეკომენდაციების მოსმენა ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ბიზნესის კიდევ უფრო უკეთესი პირობების შექმნასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მომავალშიც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ განვაგრძოთ საქმიანი დიალოგი თქვენთან ერთად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.