რატომ გადაწყვიტა „მოძრაობამ სოციალური დემოკრატიისთვის“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება, რას სთავაზობს ის მოქალაქეებს და რა პირობებზე იქნება დამოკიდებული არჩევნებში მონაწილეობა? მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში საუბრობს სოციალურ სამართლიანობაზე, პარტიის მართვის მოდელსა და სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
— თითქმის ორი წლის განმავლობაში თქვენი ჯგუფი საზოგადოებრივ და საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობდა. რატომ გადაწყვიტეთ ამ ეტაპზე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება და რა შეიცვლება თქვენს საქმიანობაში?
— ჩვენს საქმიანობაში არსებითად არაფერი იცვლება. ორი წელია, პოლიტიკურ მოძრაობას ვაშენებთ და სოციალური თუ დემოკრატიული მიზნებისთვის ვიბრძვით. ყრილობით ეს ერთობა გავაფორმეთ და საზოგადოებას ვუთხარით, რომ ერთი პოლიტიკური ოჯახი ვართ.
რეგისტრაციისა და შემდგომი პროცედურების საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ადამიანები გაერთიანდნენ და საერთო პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტეს.
ამ პროცესს ხანგრძლივი წინაისტორია აქვს. საქართველოში სხვადასხვა დროს გაჩნდა სტუდენტური, პროფკავშირული, გარემოსდაცვითი და სხვა მოძრაობები, რომლებიც სოციალური სამართლიანობისა და უფლებების დაცვისთვის იბრძოდნენ. ეს ენერგია დიდხანს იყო გაფანტული. ბოლო ორი წლის ინტენსიურმა თანამშრომლობამ კი საერთო გაერთიანების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა.
პარტიად ჩამოყალიბებას დამატებითი მიზანიც ახლავს – არჩევნებში მონაწილეობა და ხელისუფლებაზე პრეტენზიის გამოცხადება. თუმცა მონაწილეობა მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო გარემო, ისე ის, რამდენად შევძლებთ ადამიანების ორგანიზებას.
— აცხადებთ, რომ თქვენი მიზანი პოლიტიკიდან განდევნილი ადამიანებისთვის ხმის დაბრუნებაა. კონკრეტულად რას სთავაზობთ მათ?
— ჩვენ ვთავაზობთ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობას და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯანდაცვის, განათლებისა და შრომითი უფლებების დაბრუნებას.
გვინდა, პარლამენტი განიხილავდეს მინიმალური ხელფასის კანონმდებლობას, ქვეყანაში არსებობდეს სახელფასო სამართლიანობა და დასაქმებული ადამიანები ღირსეულ ანაზღაურებას იღებდნენ.
ჩვენი ხედვა მხოლოდ ტრადიციული სოციალ-დემოკრატიული პროგრამით არ შემოიფარგლება. მასში არის დემოკრატიული სოციალიზმის, მწვანე პოლიტიკისა და ფემინიზმის ელემენტებიც.
გვინდა ქვეყანა, სადაც ღარიბებსა და მდიდრებს შორის უფსკრული შემცირდება, ხოლო მწვანე ინდუსტრიალიზაცია ძლიერი საშუალო კლასის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით ჩვენი პროგრამული კომისია მუშაობს და შესაბამისი ხედვაც გვაქვს.
— არსებულ პოლიტიკურ გარემოში ახალი პარტიის შექმნას რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
— ჩემი შეფასებით, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკურ სივრცეს ავიწროებს და პარტიების აკრძალვას ცდილობს, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა წინააღმდეგობის გამოხატულებაა.
მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც ამ პირობებში საჯაროდ განაცხადეს, რომ ჩვენთან ერთად საქმიანობა სურთ. შიშის გარემოში ასეთი გადაწყვეტილების მიღებას მნიშვნელობა აქვს.
პარტიას იმისთვის არ ვქმნით, რომ ვინმეს მრავალპარტიულობის არსებობის დასამტკიცებლად არგუმენტი მივცეთ. ვერთიანდებით იმიტომ, რომ ერთად ბრძოლა გვინდა, მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომლებსაც ვაწყდებით.
— ვისთან ხედავთ თანამშრომლობის შესაძლებლობას და როგორ მიიღება თქვენს გაერთიანებაში ასეთი გადაწყვეტილებები?
— ჩვენი პარტიის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ თავმჯდომარე არ გვყავს. მთავარ გადაწყვეტილებებს საერთო კრება იღებს, რომელიც პერიოდულად იკრიბება და პოლიტიკურ თუ ორგანიზაციულ საკითხებს განიხილავს.
ამიტომ წინასწარ ვერ ვიტყვი, კონკრეტულ საკითხზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს საერთო კრება. განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს და შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ.
ზოგადად, ჩვენთვის საინტერესოა ახალი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც განსხვავებულ კულტურას ამკვიდრებენ და არ იმეორებენ ქართულ პოლიტიკაში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ ურთიერთობას. მათთან დიალოგის შესაძლებლობას ვხედავთ.
ამასთან, კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობა სხვა პარტიებთანაც შესაძლებელია. მაგალითად, უკეთესი საარჩევნო გარემოს მოთხოვნა, არჩევნებში პოლიციის ჩარევის შემცირება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვა შეიძლება საერთო ინტერესს წარმოადგენდეს.
— მომავალში ოპოზიციურ კოალიციაში გაერთიანებასაც განიხილავთ თუ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას აპირებთ?
— ჩვენთვის პრიორიტეტია დამოუკიდებელი, ინსტიტუციური პარტიის შექმნა – მყარი სტრუქტურითა და საკუთარი პოლიტიკური სახით.
კონკრეტულ საკითხზე სხვა პარტიასთან საერთო პოზიციის ქონა არ ნიშნავს მასთან შერწყმას. გვინდა, გვქონდეს საკუთარი ორგანიზაცია და საზოგადოებასთან დამოუკიდებელი კავშირი.
თანამშრომლობის ფორმებზე გადაწყვეტილებას საერთო კრება მიიღებს, თუმცა ჩვენი ცენტრალური სათქმელი სწორედ ეს არის: სხვა პარტიებში გათქვეფა არ გვსურს.
— რა პირობებში ჩათვლით არჩევნებში მონაწილეობას მიზანშეწონილად?
— არჩევნებში მონაწილეობა გვინდა, მაგრამ გადაწყვეტილება ორ ძირითად ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
პირველია საარჩევნო გარემო. ვაპირებთ სტრატეგიის შემუშავებას, თუ როგორ ვიბრძოლოთ მისი გაუმჯობესებისთვის.
მეორეა ჩვენი შესაძლებლობა – რამდენად მოვახერხებთ ადამიანების გაერთიანებას ჩვენი იდეებისა და შეხედულებების გარშემო. თუ ვიგრძნობთ, რომ საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა გვაქვს და არჩევნებში მონაწილეობით ხელისუფლებას რეალურ კონკურენციას გავუწევთ, საერთო კრება შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
თუ ვერც ადამიანების ორგანიზება შევძელით და ვერც საარჩევნო გარემო შეიცვალა, საზოგადოებას გულწრფელად ვეტყვით, რომ მეტი მომზადება გვჭირდება. ამას ავტომატურად ბოიკოტს არ დავარქმევთ.
— ხელისუფლებასთან დიალოგს პრინციპულად გამორიცხავთ თუ კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებისთვის მზად ხართ?
— ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან დიალოგს არ განვიხილავთ. ჩემი შეფასებით, ხელისუფლებას დიალოგის სურვილი არ აქვს და რეპრესიული გზით მოქმედებს.
ჩვენი წევრებიც აწყდებიან სასამართლო პროცესებსა და ჯარიმებს. ამავე დროს ვხედავთ პარტიების აკრძალვის მცდელობასა და დასავლეთისგან იზოლაციის პროცესს.
თუ ხელისუფლება რეალურად შეიცვლის მიდგომას და დემოკრატიული პროცესის შესაძლებლობა გაჩნდება, შეიძლება მსჯელობაც გახდეს შესაძლებელი. თუმცა ამ ეტაპზე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ.
— ყრილობაზე პოლიტპატიმრებისა და უკანონოდ დაკავებული ადამიანების შესახებ საუბრობდით. ვის გულისხმობთ და რა არის თქვენი სოლიდარობის საფუძველი?
— ჩვენი მოძრაობა იმ ადამიანების მხარდასაჭერად შეიქმნა, რომლებიც სისტემის მიერ დაჩაგრული და გარიყული არიან, ძლიერ მხარდაჭერას ვერ იღებენ და სამართლიანობისთვის იბრძვიან.
ვგულისხმობთ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდებს, მზია ამაღლობელს, დაკავებულ მაღაროელებსა და სხვა ადამიანებს, რომელთა მიმართაც სოლიდარობას გამოვხატავთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ღირსეულ ხელფასსა და შრომით გარემოს ითხოვდნენ, ახლა კი პატიმრობაში არიან და მათი ოჯახები მძიმე პირობებში ცხოვრობენ. სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ.
—ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაც განიხილეთ?
— ირაკლი ღარიბაშვილის საკითხზე პარტიაში არ გვიმსჯელია. კონკრეტული ადამიანის შემთხვევის შეფასებას მეტი დაფიქრება სჭირდება. თქვენი შეკითხვის შემდეგ შეგვიძლია ეს საკითხიც განსახილველად დავსვათ.
ჩვენი ბოლო წლების საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც ძლიერი ქომაგი არ ჰყავთ და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
— მიხეილ სააკაშვილის შემთხვევის განხილვასაც დაუშვებდით?
— პარტიაში ასეთი განხილვა შეიძლება გაიმართოს, თუმცა მე მასში მონაწილეობას არ მივიღებდი. მის მიმართ მკვეთრი და შეურიგებელი პოზიცია მაქვს და ობიექტური ვერ ვიქნები.
— რა იქნება თქვენი პოლიტიკური წარმატების საზომი უახლოეს ერთ წელიწადში?
— წარმატება იქნება სხვადასხვა საზოგადოებრივ მოძრაობასთან თანამშრომლობის მყარი ქსელების შექმნა – პროფკავშირებთან, გარემოსდაცვით ჯგუფებთან და უფლებებზე მომუშავე სხვა გაერთიანებებთან.
ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი სახელის გაგონებისას ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ დამოუკიდებლები ვართ, სხვის ფინანსურ ინტერესებს არ ვემორჩილებით და რიგითი მოქალაქეების წარმომადგენლობა გვინდა.
პოლიტიკური პარტია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების ორგანიზებას ნიშნავს. თუ სოციალურად დაჩაგრული და ეკონომიკური სისტემიდან გარიყული ჯგუფების თუნდაც ნაწილის გაერთიანებას შევძლებთ, ეს ჩვენი საქმიანობის წარმატება იქნება.
— შეიძლება თქვენი მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველიც გახდეს?
— დიახ. გვინდა, ტრადიციული პოლიტიკური დაყოფა დავძლიოთ და მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ფენაში ვიპოვოთ.
განსაკუთრებით გვაინტერესებს ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკაზე გული აქვთ აცრუებული და ფიქრობენ, რომ არაფერი შეიცვლება ან ყველა პარტია ერთნაირია.
მათ შორის შეიძლება იყვნენ როგორც „ქართული ოცნების“, ისე სხვა პარტიების ყოფილი ამომრჩევლები და ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ მონაწილეობენ. ჩვენი მიზანია, მათ საკუთარი იდეოლოგიითა და პოლიტიკური კულტურით განსხვავებული არჩევანი შევთავაზოთ.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
რესპონდენტი: ლევან ლორთქიფანიძე – ,,მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” წარმომადგენელი