,,ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა სულ უფრო მჭიდრო ხდება”, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს.
„ევროკავშირი და სომხეთი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, რათა განგვეხილა, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სომხეთს ზამთრის მოახლოების წინ ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციაში“, – წერს მარტა კოსი.
ევროკომისრის განცხადებით, სომხეთის სოფლის მეურნეობისა და ბიზნესსექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროგრამები უკვე იძლევა შედეგს.
„ჩვენი მხარდაჭერა სომეხი ფერმერებისა და ბიზნესისთვის უკვე მუშაობს. წელს სომხეთის ექსპორტი ევროკავშირში 50%-ზე მეტით გაიზარდა“, – აღნიშნავს კოსი.
მისივე ინფორმაციით, ევროკავშირი სომხეთთან ერთად მუშაობს რეგიონული სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესების პროექტებზეც.
„ასევე წინ მივიწევთ პროექტებში, რომლებიც სომხეთს მეზობელ ქვეყნებთან უკეთ დააკავშირებს, შექმნის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას“, – აცხადებს ევროკომისარი.